ჩელსის გადაწყვეტილება - არისტოკრატებმა რონალდუს შეძენაზე უარი თქვეს
ლონდონის „ჩელსიმ“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებაზე საბოლოო უარი განაცხადა. „არისტოკრატების“ ახალ მფლობელს, ტოდ ბოელს პორტუგალიელის შეძენა სურდა, მაგრამ „ლურჯების“ თავკაცმა, ტომას ტუხელმა ამაზე კატეგორიული უარი თქვა.
გერმანელ სპეციალისტს სურს, აქცენტი გუნდური სტილის ფეხბურთელებზე გააკეთოს და ინდივიდუალისტები არ სჭირდება. ამასთან, მას სჯერა, რომ მისი ფორმაციის „ჩელსის“ რაჰიმ სტერლინგი უფრო შეეფერება, ვიდრე რონალდუ. Daily Mail-ის ცნობით, „არისტოკრატების“ უარი წმინდა საფეხბურთო მიზეზებით იყო განპირობებული და „ლურჯებმა“ კომერციული მოგება, რომელიც რონალდუს გადასვლას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.
„ჩელსი“ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შეუერთდა და ევროპული ფეხბურთის მესამე გრანდი გახდა, რომელმაც რონალდუზე უარი თქვა. ესპანური პრესის ცნობით, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის გადაბირება სამივე კლუბს შესთავაზა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, ვეტერანმა შემტევმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ განუცხადა, რომ გუნდიდან წასვლა სურს. ამის მიზეზი ერიკ ტენ ჰაგის სათამაშო სისტემა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის სურვილი გახლავთ. პორტუგალიელი ფეხბურთელი შვებულების შემდეგ კლუბში არ დაბრუნებულა და „მანჩესტერს“ წინასასეზონო ტურნეშიც არ გაჰყვა.