კალათბურთელთა ნაკრები, უკრაინის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ქართველებზე შურისძიება გვინდა“ - უკრაინელებმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრეს

ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში უკრაინის ეროვნულ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე, ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაუპირისპირდება.

მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჩვენი მეტოქის რამდენიმე კალათბურთელმა უსაუბრა. უკრაინელები იმედს გამოთქვამენ, რომ მოახლოებულ შეხვედრაში წარმატების მოპოვებას შეძლებენ. მათ შორის ერთ-ერთი, რომელმაც მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა, NBA-ში, „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სვიატოსლავ მიხაილუკია:

სვიატოსლავ მიხაილუკი:

უკრაინის ნაკრებში ჩამოსასვლელად ყოველთვის მზად ვარ. ჩემი სპორტული და სოციალური პასუხისმგებლობაა ვიყო იქ, სადაც გავიზარდე და კალათბურთის თამაში დავიწყე. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩემს ქვეყანას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ.

ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯგუფში სატურნირო მდგომარეობაა. მეორე ადგილზე გასვლის შესანიშნავი შანსი გვაქვს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ სამივე მატჩში ვითამაშო, მთავარია ჯანმრთელობამ ამის შესაძლებლობა მომცეს.

არტემ პუსტოვი:

წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ჩრდ. მაკედონია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, მაგრამ მანამდე ქართველებზე შურისძიებაც გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეხვედრა მინიმუმ 6-ქულიანი უპირატესობით მოვიგოთ და მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილით გავიდეთ. რაიმე წარმოუდგენელ სტრატეგიას არ ვაშენებთ, ყველა საკითხი ეტაპობრივად უნდა გადავწყვიტოთ: ჯერ უნდა გავიმარჯვოთ საქართველოსთან, შემდეგ კი მომდევნო ორ შეხვედრაში უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის კალათბურთელთა ნაკრებების შეხვედრა 1 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები