ბაიერნი, ფრაიბურგი
Aa
Aa

უარი ბაიერნს - რატომ აირჩია გინტერმა ფრაიბურგი?

ზაფხულში ბუნდესლიგის ცენტრალურ მცველებს სერიოზული მიგრაცია ელით. უკვე ცნობილია, რომ ნიკლას ზიულე და ნიკო შლოტერბეკი „დორტმუნდის ბორუსიაში“ ითამაშებენ. „გლადბახის“ ფეხბურთელი მატიას გინტერი ბევრს ფიქრობდა და საბოლოოდ არჩევანი „ფრაიბურგზე“ გააკეთა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ფრაიბურგს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ გინტერი სწორედ „ფრაიბურგის“ აღზრდილი გახლავთ.

„დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, თუ რა ნაბიჯი უნდა გადამედგა. ეს რაღაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და ვფიქრობ, სახლში დაბრუნება ყველაზე განსაკუთრებული მოვლენაა. უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ვითარდება „ფრაიბურგი“ და რა პოტენციალი აქვს. ის ფაქტი, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკება ნამდვილი ღმერთის საჩუქარია.“

- განაცხადა გინტერმა

მატიასი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თავისუფალი აგენტი იყო და მისით ისეთი კლუბები ინტერესდებოდნენ, როგორებიც „ბარსელონა“ და „ინტერი“ არიან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა გაგვიკვირდეს, თუ რატომ აირჩია გინტერმა „ფრაიბურგი“.

ჩამოთვლილი კლუბების გარდა, გერმანელი უკანახაზელის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნიც“ ინტერესდებოდა. „რეკორდმაისტერი“ გინტერის შეძენას მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა და ეს თავად ფეხბურთელმაც აღიარა.

„ამ საკითხზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ. გადაწყვეტილებას სულ მალე მივიღებ. ვესაუბრები რამდენიმე გუნდს და ყველაფერს სულ მალე გაიგებთ.“

- თქვა გინტერმა მარტში

ზოგადად, გერმანიის მასშტაბით, როდესაც „ბაიერნი“ რომელიმე ფეხბურთელით ინტერესდება, მისი გადაბირება თითქმის არასდროს უჭირს. BILD-თან საუბრისას მატიასმა ყველაფერს ნათელი მოფინა.

„ფული გადამწყვეტი ფაქტორი არასდროს ყოფილა. მინდოდა, რომ გუნდისთვის პრიორიტეტი ვყოფილიყავი. „ბაიერნმა“ მითხრა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. „ფრაიბურგი“ კი მთლიანად მე დამეყრდნო. ჩემი არჩევანის მიზეზი სწორედ ეს არის.“

- განაცხადა გინტერმა

ამის პარალელურად, „ბაიერნს“ ნამდვილად სჭირდება ცენტრალური მცველი. როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანულ გრანდს ზიულე ტოვებს და კლუბში ნომინალური ცენტრალური მცველი მხოლოდ ერთია - დაიო უპამეკანო. რა თქმა უნდა, ლუკა ერნანდესს და ბენჟამინ პავარს დაცვის შუა ნაწილში შეუძლიათ თამაში, მაგრამ რეალურად ისინი ფლანგის მცველები არიან. „რეკორდმაისტერს“ ახალგაზრდა ტანგუი ნიანზუ ჰყავს, თუმცა მისი მომავალი ჯერჯერობით ბურუსით არის მოცული.

დიდი ხნის განმავლობაში „ბაიერნი“ რუდიგერის და გინტერის გადაბირების მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა ორივე დაკარგა. ერთმა „ფრაიბურგი“ აირჩია, მეორემ „რეალი“. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „რეკორდმაისტერის“ ბოსები. ყველაფერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გვიჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები