პუტინს ზელენსკის წერილი უნდა გადასცეს - აბრამოვიჩი მოსკოვში გაფრინდა
რუსი ოლიგარქი და ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი რუსეთის ფედერაციაში გაფრინდა, რათა ვლადიმირ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელინსკის წერილი გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, წერილში საუბარია უკრაინის სამშვიდობო პირობებზე, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პუტინის პოზიციაც ცნობილია. ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა წერილზე ასეთი პასუხი გასცა: „უთხარი, რომ მათ გავანადგურებ“.
მანამდე, აბრამოვიჩი სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენელს, რუსტამ უმეროვს და თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, იბრაჰიმ კალინს შეხვდა. ბრიტანული მედია ამბობს, რომ მათ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესსაც მიაღწიეს, რომელიც მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.
Daily Mail-ის ცნობით, კალინმა წამოაყენა იდეა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინას რუსეთის ფედერაციისგან გრძელვადიანი იჯარის წესით უნდა გადაეცეს. გამოცემა წერს, რომ პუტინი აღნიშნულ ვარიანტს სავარაუდოდ განიხილავს.
თურქეთში, ერდოღანის პრესმდივანთან შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩი კალინთან ერთად პოლონეთის გავლით კიევში ჩაფრინდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. ამის შემდეგ კი მან გეზი მოსკოვისკენ აიღო, სადაც ვლადიმირ პუტინს ზელინსკის წერილს გადასცემს.
უკრაინული მედია აბრამოვიჩის მარშრუტის და აეროპორტში გადაღებულ ფოტოს ასაჯაროებს.
სულ ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გავიგეთ, რომ ამერიკულმა მხარემ შესაძლოა სანქციები შეაჩეროს. ამის მიზეზი კი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა.
ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ისაუბრა და განუცხადა, რომ რომან აბრამოვიჩი შესაძლოა ის ერთადერთი სწორი შუამავალი აღმოჩნდეს რუსეთთან, რომელიც ორ ქვეყანას მშვიდობის დამყარებაში დაეხმარება. როგორც ჩანს, ზელენსკის აბრამოვიჩი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად სჭირდება.