ვინისიუს ჟუნიორი, ბენფიკა, ჯანლუკა პრესტიანი
Aa
Aa

რასისტული სკანდალი რეალისა და ბენფიკას მატჩში | ვინისიუსისა და პრესტიანის კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „რეალის“ მეტოქე ჟოზე მოურინიოს „ბენფიკაა“. პირველი შეხვედრა „არწივების“ საშინაო მოედანზე გაიმართა და „ბლანკოსმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, რომელმაც „ბენფიკას“ კარი ულამაზესი დარტყმით აიღო.

„ვინიმ“ საკუთარი გუნდი 49-ე წუთზე დააწინაურა, რამდენიმე წამში კი სკანდალური ეპიზოდი ვიხილეთ, რომელმაც ყველაფერი გადაფარა. ვინისიუსი შეხვედრის მთავარ არბიტრთან, ფრანსუა ლეტექსიესთან მივიდა და უთხრა, რომ „ბენფიკას“ ფეხბურთელმა, ჯანლუკა პრესტიანიმ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრაზილიელი გარემარბის თქმით, პრესტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა. „ვინის“ განცხადების შემდეგ ლეტექსიემ რასიზმის საწინააღმდეგო პროტოკოლი აამოქმედა, რამდენიმე წუთში კი მატჩი განახლდა. საფინალო სასტვენის შემდეგ მომხდარზე ორივე ფეხბურთელმა ისაუბრა.

ვინისიუს ჟუნიორი: „რასისტები, პირველ რიგში, ლაჩრები არიან. ისინი პირზე მაისურს იფარებენ, რათა დაგვანახონ, რამდენად სუსტები არიან. ამასთან, მათ აქვთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებმაც, თეორიულად, ისინი უნდა დასაჯონ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დღეს ახალი არაფერი მომხდარა. გოლის აღნიშვნის გამო ყვითელი ბარათი მივიღე და ახლაც ვერ ვხვდები, რატომ. გარდა ამისა, საქმე გვაქვს ცუდად მომუშავე პროტოკოლთან, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოუტანია. არ მომწონს სოციალურ ქსელებში ასეთ სიტუაციებში გამოჩენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „რეალმა“ დიდებული გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ეს აუცილებელია“.

ჯანლუკა პრესტიანი: „მინდა განვმარტო, რომ ვინისიუს ჟუნიორისთვის რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. სამწუხაროდ, მან არასწორად გაიგო და ჩათვალა, რომ მართლა ის ვუთხარი, რაც მოესმა. რასიზმი არავის მიმართ გამომიჩენია და სამწუხაროა, რომ „რეალის“ ფეხბურთელებისგან მუქარები მივიღე“.

ცნობისთვის, მატჩის შემდეგ „ბენფიკამ“ სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნა და პრესტიანის მხარი დაუჭირა. „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კი განაცხადა, რომ ორივე ფეხბურთელს ესაუბრა და რადიკალურად განსხვავებული ისტორიები მოისმინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი თამაში ჰქონდა, გამორჩეული იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„კარგი თამაში ჰქონდა, გამორჩეული იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე