"აბრამოვიჩს სანქციები მოუხსენით" - ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მიმართა
მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამერიკამ, უეფა-მ და ფიფა-მ რუსეთს სერიოზული სპორტული და არასპორტული სანქციები დააკისრა. აკრძალვები მნიშვნელოვნად აზიანებს ლონდონის „ჩელსის“, რადგან რომან აბრამოვიჩს ბრიტანეთში შესვლა აუკრძალეს და ფაქტობრივად კლუბს არანაირი შემოსავალი აღარ აქვს. მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარია და სანქციების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გავიგეთ, რომ ამერიკულმა მხარემ შესაძლოა სანქციები შეაჩეროს. ამის მიზეზი კი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა.
ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან ისაუბრა და განუცხადა, რომ რომან აბრამოვიჩი შესაძლოა ის ერთადერთი სწორი შუამავალი აღმოჩნდეს რუსეთთან, რომელიც ორ ქვეყანას მშვიდობის დამყარებაში დაეხმარება. როგორც ჩანს, ზელენსკის აბრამოვიჩი სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად სჭირდება.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ზელენსკის მიერ მოთხოვნილ ყველა სანქციას მხარი დაუჭირა, რომელიც აბრამოვიჩის მიმართ იყო გაცემული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა ჯო ბაიდენი.
არც ის არის ცნობილი, თუ რა სანქციებზეა საუბარი და შეეხება თუ არა ეს ყველაფერი ლონდონის „ჩელსის.“