საუკეთესო სენტ-ეტიენში | ზურიკო მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა 6-ჯერ გამოარჩიეს
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ „გენგამი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა — მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, ოთხ წუთში კი დუბლი შეასრულა.
საფრანგეთში, მატჩების შემდეგ Foot National გუნდების მთავარ მწვრთნელებს სთხოვს დაასახელონ ფეხბურთელები, რომლებმაც მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. „გენგამის“ დამრიგებელმა, სილვიან რიპოლიმ სწორედ დავითაშვილი გამოარჩია და მიმდინარე სეზონში ზურიკო მოწინააღმდეგე გუნდების თავკაცების რჩეული მეექვსედ გახდა.
„სენტ-ეტიენში“ ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს. დავითაშვილს ფლორიან ტარდიე მოსდევს, რომელიც ხუთჯერ აღიარეს, მესამე ადგილზე კი მიკაელ ნადე იმყოფება. „გენგამის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „ბულონის“, „მონპელიეს“, „რედ სტარის“, „ბასტიასა“ და „ლე მანის“ მთავარმა მწვრთნელებმა გამოარჩიეს.
ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია და მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლია. საფრანგეთის ლიგა 2-ში მასზე მეტი გოლი მხოლოდ „გენგამის“ ფეხბურთელს, ლუი მაფუტა-ს აქვს გატანილი (11). რაც შეეხება „სენტ-ეტიენს“, „მწვანეებს“ 40 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან. ისინი ლიდერ „ტრუას“ ორი ქულით ჩამორჩებიან.