''კარგ ფორმაშია, ამიტომ ვათამაშეთ'' - ვალენსიას მწვრთნელი ''მამარდაზე''
''ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ასისტენმა პატრისიო მორენომ, ''ალავესთან'' მარცხის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.
''არჩევანი მასზე შევაჩერეთ, რადგან კარგ ფორმაშია, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მისი კონკურენტებიც ძალიან კარგად მუშაობენ''.
''ვალენსიას'' ბოლო სამი მატჩი იასპერ სილესენმა გამოტოვა. მიზეზი ჯერ კორონავირუსით ინფიცირება იყო, შემდეგ კი - ტრავმა. ბორდალასს არჩევანი ხაუმე დომენეკსა და გიორგი მამარდაშვილს შორის უნდა გაეკეთებინა, გასულ სამ შეხვედრაში სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ხვდებოდა, რომელმაც ფაქტობრივად უშეცდომოდ ითამაშა თუ არ ჩავთვლით ''ბილბაოსთან'' მატჩს, როცა დიახაბის ცუდი პასის შემდეგ ბურთს ფეხი ააცილა.
21 წლის გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, მათგან სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
ლა ლიგის გასულ ტურში ''ალავესმა'' ''ვალენსია'' 2:1 დაამარცხა. Plazadeportiva-მ „ალავესისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირებას სტატია მიუძღვნა და ფეხბურთელთა შეფასებები შემოგვთავაზა.
„სამწუხაროა, რომ ''ალავესთან'' შეხვედრაში ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გოლკიპერი გახლდათ. გაშვებული გოლებისას მას არაფრის გაკეთება შეეძლო და რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა“.
მამარდაშვილზე ცნობილმა გამოცემა AS-მა დაწერა:
„ქართველი მეკარის თამაში ნამდვილად აღსანიშნავია. ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. ესკალანტეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ ლუმი იმ წამსვე იქ გაჩნდა და მამარდაშვილმა გუნდის გადარჩენა ვერ მოასწრო. ნახევარი საათის შემდეგ დუარტეს აჯობა. ალავესს მეორე ტაიმში პენალტის გარდა კარში აღარ დაურტყამს და ხიფათი აღარ შეუქმნია.“