„ხანმოკლე თაფლობის თვე“ - არველაძე შეფილდთან მატჩისთვის ემზადება
Yorkshire Post-მა „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის შესახებ დაწერა და დღევანდელ მატჩს გამოეხმაურა. „ვეფხვები“ რამდენიმე საათში „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან და „ხანჯლებს“ სტუმრად შეხვდებიან.
„ჰალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის თაფლობის თვე ხანმოკლე გამოდგა. სადებიუტო შეხვედრაში, სუონსისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ წააგო და პრესტონთან, დერბისთან და ფულემთან დამარცხდა. ლონდონელებთან მატჩის შემდეგ, ჰალ სიტი შეფილდ იუნაიტედს დაუპირისპირდება.
მიმდინარე სეზონში გამართული პირველი შეხვედრა ხანჯლებმა 3:1 მოიგეს და არველაძეს მშვენივრად მოეხსენება, რომ შეფილდი სახიფათო გუნდია. ვეფხვებისთვის 2021-22 წლების გათამაშება დასამახსოვრებელი ნამდვილად არაა და ჰალმა მნიშვნელოვნად უნდა მოუმატოს, რათა იორკშირულ დერბიში რამე გამოუვიდეს.
„მათ თამაშებს ვუყურე და ვიცი, რომ შეფილდი სოლიდური გუნდია, რომელიც ამ სისტემით დიდი ხანია თამაშობს და ამას როგორც ჩემპიონშიპში, ისე პრემიერ ლიგაში აკეთებდა. შეფილდი გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მაღალი დონის თავდამსხმელები, ნახევარმცველები და მცველები ჰყავს. პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ყველა ოცნებობს. ჩვენ ფულემთან ვითამაშეთ, რომელიც მიზანთან ძალიან ახლოსაა და შეფილდი თითქმის ფულემის დონის გუნდია. ამიტომ, ამ გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ქართველი სპეციალისტი.
არველაძემ, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, როტაციას ამ მატჩშიც განაგრძობს და რეგან სლეიტერს სასტარტოში უნდა ველოდოთ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ 24-გუნდიან ჩემპიონშიფში „ჰალ სიტი“ 32 ქულით მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 12 ქულით უსწრებს. „შეფილდ იუნაიტედთან“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.