შენგელიას ლამაზი ჩატენვები და 12 ქულა - ცსკა-მ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა
Aa
Aa

შენგელიას ლამაზი ჩატენვები და 12 ქულა - ცსკა-მ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

ევროლიგის მე-12 ტურში, თორნიკე შენგელიას ცსკა „ბაიერნს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. „არმიელებმა“ მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველი ტაიმი 9 ქულით წააგეს. მეორე ნახევარში ცსკა-მ მოუმატა და დასკვნითი პერიოდის წინ, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ბოლო ათწუთეულში გაირკვა. „ბაიერნი" ფაქტობრივად მთელი მეოთხედის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტ მონაკვეთში უკეთ ცსკა-მ იასპარეზა და მეტოქეს 77-74 სძლია.

თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 31 წუთი და 42 წამი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აქტივში 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 1 სამიანი და 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 17 გახლდათ, რაც კლაიბერნის შემდეგ, ცსკა-ში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამრიგად, „არმიელებს“ 7 მოგება და 5 წაგება აქვთ და ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. ცსკა მომდევნო შეხვედრას „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს და მანამდე შენგელიას საქართველოს ნაკრების მაისურით უკრაინასთან და ესპანეთთან ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები