შენგელიას ბრწყინვალე მატჩი - ცსკა-მ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი - ცსკა-მ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. „არმიელები“ მე-2 ტურში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს, „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 100-96 იმარჯვეს.

ცსკა-მ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 26-21 მოიგო. მეორე მეოთხედში ორივე გუნდმა 25-25 ქულა ჩააგდო და „არმიელები“ დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარი ცსკა-ს კარნახით დაიწყო და მე-3 ათწუთეულში თოკომ და კომპანიამ მეტოქეზე 6-ით მეტი ქულა მიითვალეს - 28-22. გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლები თამაშში დაბრუნებას შეეცადნენ და ჩამორჩენა 2 ქულამდეც დაიყვანეს, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 32:29 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. თოკომ 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. შენგელიამ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და თოკო შეხვედრის MVP გახდა.

„ანადოლუ ეფესის“ დამარცხების შემდეგ, ცსკა-ს 1 მოგება და 1 წაგება აქვს. „არმიელები“ მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ზენიტს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები