მისი დაბრუნება შეცდომა იყო? - GOAL გრიზმანს აკრიტიკებს
Aa
Aa

მისი დაბრუნება შეცდომა იყო? - GOAL გრიზმანს აკრიტიკებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ღირებულს ვერ აკეთებს. ფრანგ სუპერვარსკვლავს ნული გოლი და ნული საგოლე გადაცემა აქვს. ავტორიტეტული გამოცემა GOAL ანტუანს სტატიას უძღვნის.

რას წერს GOAL?

გრიზმანი გულანთებული იბრძვის „ატლეტიკოსთვის“, თუმცა ჯერჯერობით ძველ ფორმას ვერაფრით უბრუნდება. დიეგო სიმეონესთვის ძველი ფეხბურთელების დაბრუნება ახალი არ არის. „ჩოლომ“ თავის დროზე „როხიბლანკოში“ ფელიპე ლუისი, დიეგო კოშტა და ფერნანდო ტორესი დააბრუნა. არცერთის დაბრუნება არ ყოფილა წარმატებული, თუმცა ტორესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია კარასკოს დაბრუნება, რომელიც შესაძლოა ყველაზე წარმატებულ „დაბრუნებად“ მოინათლოს.

მადრიდულ გრანდს გრიზმანის შენახვა საკმაოდ ძვირად უჯდება. ფრანგ შემტევს წლიურად ხელფასს 26 მილიონ ევროს უხდიან. როგორც მოგეხსენებათ, ანტუანი „ატლეტიკოში“ იჯარის წესით არის დაბრუნებული და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი ის ჯერჯერობით გუნდს ვერაფერს სთავაზობს.

GOAL გრიზმანის დაბრუნებას დიდ იმედგაცრუებას უწოდებს. 4 თამაშში მას ნული გოლი, ნული საგოლე გადაცემა და ნული კარში დარტყმა აქვს. აღსანიშნავია ის 3 მატჩიც, რომელიც მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ რიგებში ჩაატარა. მსგავსი სტატისტიკა „ბლაუგრანაშიც“ ჰქონდა. გამოცემა იმასაც წერს, რომ, როდესაც გრიზმანი მოედანზეა გუნდს გოლების გატანა უჭირს. „როხიბლანკომ“ გამარჯვების გოლი მხოლოდ მას შემდეგ გაიტანა, რაც ანტუანი მინდვრიდან გაიყვანეს.

ჯერჯერობით სიმეონემ არ იცის, თუ რა ტაქტიკა გამოიყენოს გრიზმანისთვის. შესაძლოა ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდს გვიან შეუერთდა. 30 წლის შემტევი „ბარსელონაში“ არასდროს თამაშობდა მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზიციაზე. „ატლეტიკოში“ გრიზმანი „მეორე თავდამსხმელად“ თამაშობდა და სწორედ ამ ამპლუით შეაყვარა გულშემატკივრებს თავი.

„გრიზმანს ადაპტაცია სჭირდება, რათა ახალ „ატლეტიკოს“ შეეჩვიოს. ახლა ის დრო აღარ არის, როდესაც ანტუანი ჩვენი ლიდერი იყო. ახლა სხვა სისტემა და სტილი გვაქვს, მაგრამ გაგვიმართლა, რომ ის დღეს ჩვენთან არის. უნდა მოვითმინოთ“

- თქვა სიმეონემ პრესკონფერენციაზე

მიუხედავად ანტუანის არასახარბიელო მდგომარების, მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ 30 წლის ფრანგი ძველ ფორმას აღიდგენს და „ატლეტიკოს“ ლა ლიგის ტიტულის დაცვაში დაეხმარება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები