ბორდალასი: „მატჩი 20 წუთში დასრულდა, მესამე გოლი სასაცილო იყო
Aa
Aa

ბორდალასი: „მატჩი 20 წუთში დასრულდა, მესამე გოლი სასაცილო იყო"

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში სევილიამ ვალენსიას უმასპინძლა, შეხვედრაში 4 გოლი გავიდა და სევილიას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა. გულშემატკივარმა ძირითად შემადგენლობაში კვლავ ქართველი მეკარე იხილა. გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, საბოლოო ჯამში, სტატისტიკის კუთხით, გიორგის ანგარიშზე 3 სეივი იყო.

რეალთან, მატჩის ბოლოს განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანური მედია წერდა, რომ გიორგის „ღამურების“ რიგებში ნიდერლანდელი იასპერ სილენსენი შეცვლიდა, თუმცა ვარაუდი არ გამართლდა. სასიამოვნო აღმოჩნდა ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილება, თუმცა არასასიამოვნო იყო მატჩის სცენარი.

ხოსე ბორდალასი სევილიასთან მარცხზე

სერიოზული შეცდომები დავუშვით, რომელიც ბავშვურს ჰგავდა. სევილია 20 წუთში 3 ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მატჩი 20 წუთში დასრულდა, მესამე გოლი კი საერთოდ სასაცილო იყო. 

ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის, ვალდებულება სწორედ ისაა, ფეხბურთელები მოედანზე 100% პროცენტით დაიხარჯონ. ვნახავთ, რამდენად შეძლებს ვალენსია მიაღწიოს ის სიმაღლეს, რასაც ის იმსახურებს.

მსგავსი ტიპის შეცდომები პროფესიონალურ ფეხბურთში დასაშვები არ არის. სწორედ ამ სისუსტეებზე ვისაუბრებთ და მათ გაუმჯობესებას ვეცდებით.

ეს მართლაც რთული შეხვედრა გამოვიდა. ხვალ ჩვენი მიზანი უკვე გუნდის ძალების აღდგენა, შეცდომების გამოსწორება და შემდეგი მატჩისთვის მომზადება იქნება, რომელსაც შაბათს, ბილბაოს წინააღმდეგ გავმართავთ.

6 ტურის შემდეგ ვალენსიას 10 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს (3 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი).

ვალენსია მომდევნო შეხვედრას რამდენიმე დღეში, ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი მესტალიაზე, 25 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 18:15 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები