Aa Aa
16 სექტემბერი 2021  |  09:07

ინტერი 0:1 რეალი - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აფიშა მილანში იყო, სადაც „ინტერმა“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი როდრიგომ გაიტანა, საგოლე გადაცემა კი კამავინგას ანგარიშზეა. ფრანგი მინდორზე მე-80 წუთზე შევიდა და ეფექტური ასისტის შესასრულებლად ეს მცირე დროც ეყო.

შეხვედრა ორ ნაწილად უნდა დავყოთ - პირველ ტაიმში იტალიელები დომინირებდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა უსაქმოდ არც „ბლანკოსი“ ყოფილა. აი მეორე ნახევარში კი კარლო ანჩელოტიმ თამაში გადააწყო, სიმონე ინძაგის ტაქტიკურად აშკარად აჯობა და მისი გუნდი გადომინანტდა. ამ უპირატესობამ შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო, როცა როდრიგომ 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო.


საინტერესო ფაქტები

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის სეზონის სადებიუტო მატჩი 2011 წლის შემდეგ პირველად წააგო - „ნერაძური“ მაშინ თურქულ „ტრაბზონსპორთან“ დამარცხდა, თუმცა შემდეგ ჯგუფიდან გასვლა მაინც შეძლო.

როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მე-17 მატჩი ჩაატარა - კარში ზუსტად 8-ჯერ დაარტყა და მათგან 6 გოლით დასრულდა.

„რეალის“ კარისკენ პირველ ტაიმში „ინტერმა“ 14-ჯერ დაარტყა (3 ზუსტი) - ამაზე უარესი შედეგი მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ და მაშინაც იტალიაში გამართულ მატჩში - 2013 წელს, „იუვენტუსთან“, რომელმაც იმ თამაშის პირველ ნახევარში 15 დარტყმა შეასრულა

რა თქვა ინძაგიმ პრესკონფერენციაზე

როდრიგოს გოლისას უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, მატჩის დამთავრებამდე მხოლოდ ერთი წუთი რჩებოდა. დასანანია, რომ თქვენთან წაგებულ შეხვედრაზე საუბარი მიწევს. თუმცა, თავები მაღლა უნდა ავწიოთ ისევე, როგორც ეს მთელი ამ თამაშის განმავლობაში გვქონდა. არ დაგვავიწყდეს, როგორი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით.

სამწუხაროდ, დღეს მათ კარში იდგა გოლკიპერი, რომლისთვისაც გოლის გატანა ძალიან რთული აღმოჩნდა. ვწუხვარ ფანებისა და ჩემი ფეხბურთელების გამო, რომელთაც მინდორზე ყველაფერი გაიღეს. ასეთ მოწინააღმდეგესთან კონცენტრაცია წამითაც არ უნდა დაკარგო, თორემ მომენტალურად დაისჯები.

სამწუხაროდ, ფეხბურთია ასეთია, მაგრამ ასეთი თამაშით მჯერა შემდეგ ეტაპზე გასვლისაც და, ზოგადად, მომავლისაც. ცალსახად პოზიტიური ფაქტორი იყო, მოედანზე როგორც გავედით და როგორი აგრესიითაც ვითამაშეთ. თუმცა, კარში დარტყმული ყველა ბურთი კურტუამ მოიგერია. ერთი ან ორი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ასე არ მოხდა.

რა თქვა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელსაც ურთულეს ბრძოლაში მივაღწიეთ. ჩემმა გუნდმა სრულყოფილად ითამაშა, იმის მიუხედავად, რომ თვალში შეცდომებიც მომხვდა. გუნდი მოედანზე სწორი დამოკიდებულებით გავიდა. დაცვითი ასპექტებიც ცუდი არ იყო.  პირველ ტაიმში დაბლოკვებზე სათანადოდ კარგები არ ვიყავით, მაგრამ არა უშავს. თავი უნდა დაიცვა, რათა კონტრშეტევის განხორციელების უკეთესი შანსი მოგეცეს, თუმცა პირველ ტაიმში კონტრშეტევებზე საკმარისად კარგად არ გადავდიოდით.

რაც პირველი ტაიმის შემდეგ შევცვალეთ, იყო ის, რომ ვინისიუსს მეტი თავისუფლება და სივრცე მივეცით. „ინტერი“ პირველ ნახევარში მაღალი ინტენსივობით თამაშობდა, მაგრამ თანდათან ის შემცირდა. როდრიგოს თამაშში ჩართვით ფლანგები გავააქტიურეთ, რამაც იერიშების ორგანიზებაში დახმარება გაგვიწია. ჩემმა გუნდმა იცოდა, რომ მეტოქისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ უნდა მიეცა და ეს გააკეთა კიდეც - ამით კმაყოფილი ვარ. ეს იყო გუნდი, რომელსაც მხოლოდ ხარისხი არ ჰქონია, ჰქონდა მიზანმიმართულობა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage