კობიაშვილი: ''სამარცხვინო და კატასტროფა იყო, ვერ ვხსნი რა მოხდა''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''სამარცხვინო და კატასტროფა იყო, ვერ ვხსნი რა მოხდა''

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა. მან სანაკრებო თემაზე გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი: ''ჩემთვის ეს თამაშები იყო სამარცხვინო და კატასტროფა. შეიძლება სხვა სიტყვებიც მოვიშველიოთ, რადგან რაც ბოლო მატჩებში ვნახეთ, ლოგიკაში არ ჯდებოდა, არც იკითხებოდა, რომ ასე უნდა გვეთამაშა.

სექტემბრის თამაშები სამარცხვინო იყო, მე მრცხვენოდა. ვერ ვხსნი რა მოხდა. შეუძლებელია, რამე არგუმენტმა იმუშავოს. უნდა მიიღო კრიტიკა, როცა ასე თამაშობ. ჩვენ ტაქტიკით არ წაგვიგია ფეხბურთი. კოსოვომ ჩემზე მეტი არ უნდა ირბინოს. მაგალითად, მე რომ მწვრთნელი ვიყო, პირველი მატჩიდან გამომდინარე ხოჭოლავას თამაში არ მომინდება.

იცი, რომ ამ სტადიონზე პირველ მატჩს ატარებ. იცი, რომ წლებია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში თამაში არ მოგიგია... ან სტატისტიკას არ კითხულობენ? ჩემთვის სრულიად გაუგებარია კოსოვოსთან ასეთი თამაში.

ის, რაც კოსოვოსთან მატჩში პირველივე წუთიდან ჩანდა, კატასტროფა იყო. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ კრიტიკა. მეტოქის ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ, ორჯერ დავთვალე, ხომ თერთმეტნი თამაშობენ-თქო?

შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობ. არ გინდა, რომ ჩვენი ოლიმპიელებივით წარმატებული იყო? აეროპორტში ხალხი დაგხვდეს და ტაში დაგიკრას? პატრიოტიზმთან მივდივართ, მაგრამ პატრიოტიზმი არ ჩანს''.

''ბავშვები იზრდებიან. როცა ნაკრებში თამაშობ, სხვა როლი გაქვს, უდიდესი პასუხისმგებლობა გაქვს. შენს თამაშს მნიშვნელობა აქვს, რადგან ბავშვი იზრდება და მან პოზიტივი უნდა დაინახოს. არ გინდა, რომ ხალხმა ფეხბურთზეც პოზიტიურად ისაუბროს? თამაშის შემდეგ მამარდაშვილმა განიცადა, პოსტი დაწერა, თუმცა ზოგიერთი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს''.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა. სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან სოფიაში მარცხი მოჰყვა (4:1). საერთო ჯამში, გასულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები