მესის ჰეთ-თრიკი, რეკორდი და ატირებული ლეო - არგენტინელთა გამარჯვება
Aa
Aa

მესის ჰეთ-თრიკი, რეკორდი და ატირებული ლეო - არგენტინელთა გამარჯვება

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში არგენტინამ ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და მესის ჰეთ-თრიკის წყალობით 3:0 გაიმარჯვა.

ეს იყო არგენტინელთა პირველი საშინაო შეხვედრა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ და ბუნებრივია, საღამო ძალიან ემოციური გამოდგა.

მესიმ, რომელმაც მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე გოლებიც გაიტანა, შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას ემოციები ვერ მოთოკა და ატირდა.

„არ არსებობს უკეთესი ადგილი ამ წარმატების აღსანიშნად. აქ დედაჩემი და ჩემი ძმები არიან. მათ პანდემიის გამო ბევრი გადაიტანეს და დღეს, ისინი აქ ზეიმობენ, რაც მე ძალიან მახარებს. ამისგან სიამოვნების მიღება ძალიან მინდოდა. ამას დიდი ხანია ველოდები, ვოცნებობდი და თუ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი - უნიკალურია“.

- თქვა თვალცრემლიანმა ლეომ მატჩის შემდეგ.

34 წლის მესის ამ ჰეთ-თრიკის შემდეგ ნაკრების მაისურით 79 გოლი დაუგროვდა, რაც სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შედეგია. „ლა პულგა“ ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა და პელეს რეკორდი დაამხო, რომელსაც 77 გოლი ჰქონდა.

ლეოს ასევე სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამართულ მატჩებშიც ყველაზე მეტი გოლი მოუგროვდა და ამ მხრივაც რეკორდის ავტორი გახდა. "ლა პულგას" ანგარიშზე უკვე 26 გოლია და მან ლუის სუარესს (25) გადაასწრო.

არგენტინის ნაკრები 8 ტურის შემდეგ 18 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ბრაზილიას 6 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია-არგენტინის ჩაშლილი მატჩის გამოძიება ფიფამ უკვე დაიწყო და დიდი შანსია „სელესაოს“ ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეწეროს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები