თემურ ქეცბაია - ფეხბურთელი, რომელიც ვულვზის ლეგენდა უნდა გამხდარიყო
ბრიტანულმა გამოცემამ, Birmingham Live-მა ქართველი ფეხბურთელის, თემურ ქეცბაიას შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ავტორმა ყურადღება „ქეცბას“ მიერ „ვულვზში“ გატარებულ პერიოდზე გაამახვილა და მკითხველს გაუზიარა ისტორია, რომელსაც მისი თქმით, განსხვავებული დასასრული უნდა ჰქონოდა...
„მათ ქუჩაში კი არ მიპოვეს“ - მრისხანება და დაცემა ადამიანის, რომელიც ვულვზის ლეგენდა უნდა ყოფილიყო
„ბოლო წლებში, ვულვზის ქომაგები ამაღელვებელ ტრანსფერებს შეეჩვივნენ. გასულმა სატრანსფერო ფანჯარამ მათ ცოტათი იმედები გაუცრუა, თუმცა მგლების გულშემატკივრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მათმა საყვარელმა კლუბმა ცუდი ტრანსფერებიც გაჩარხა. სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი გარიგება ძალიან ბევრი იყო. ალბათ, ყველაზე იმედგამაცრუებელი ტრანსფერი, რომელიც რეალურად, ამაღელვებელ ტრანსფერთა კატეგორიაში გავიდა, თემურ ქეცბაიას გაფორმება გახლავთ.
შეუპოვარი ქართველი ვულვზში ნიუკასლში დამკვიდრებული საკულტო ფიგურის სტატუსით მივიდა და მისი ტრანსფერი იყო გარიგება, რომელიც მგლების ქომაგთათვის, რომლებსაც სურდათ, მოედანზე ვნებით მოთამაშე ფეხბურთელები ეხილათ, იდეალური უნდა ყოფილიყო.
ვინ იყო ქეცბაია
ქეცბაიამ თბილისის დინამოში, ანორთოსისსა და აეკში დიდ წარმატებას მიაღწია და სენტ ჯეიმს პარკზე გადასვლისას მზად იყო, ინგლისურ პუბლიკასა და ნიუკასლის გულმხურვალე ქომაგებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ქართველმა ფეხბურთელმა ეს მართლა გააკეთა. ნიუკასლური კარიერის სტარტზე, მან ზაგრების დინამოს, რომელსაც მაშინ ხორვატია ზაგრები ერქვა, დამატებით დროში გოლი გაუტანა და კაჭკაჭებს ჩემპიონთა ლიგის საგზური პირველად მოუტანა. ქეცბაია ნიუკასლის რიგებში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა და 78 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მან სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელის იარლიყი ვერა და ვერ მოიშორა, რის გამოც კლუბზე ისეთი გავლენა ვერ მოახდინა, როგორიც უნდოდა.
სათადარიგოთა სკამზე ქეცბაიას ბევრჯერ გამწესებამ ცნობილი აღნიშვნა გვაჩუქა, რომელიც თემურმა ბოლტონთან გატანილი გოლის შემდეგ გამოიყენა. მან საკუთარი იმედგაცრუება ბოლომდე გადმოსცა და ამის გამო, თეთრ-შავების არმიამ იგი შეიყვარა. მიუხედავად აღნიშვნისა და იმ ვნებისა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა, ქეცბაია ვულვზს მიჰყიდეს...
რა მოხდა ვულვზში
2000 წელს, 900 000 ფუნტი სტერლინგი საკმაოდ დიდი თანხა იყო. ვულვზი მეორე ეშელონის გუნდებს მიეკუთვნებოდა და მაშინ სხვებზე მეტი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდა. იმ სეზონში, მგლებს სედრიკ რუსელი და რობერტ ტეილორიც შეუერთდნენ, თუმცა ქეცბაია განსხვავებული ტიპაჟი იყო. ქართველ ფეხბურთელს ეტყობოდა, რომ გუნდის ბედი აღელვებდა და სიმართლე რომ ვთქვათ, შეეძლო, მსოფლიო დონის ფეხბურთელი ყოფილიყო. კოლინ ლი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ქეცბაია მოლინოზე წაიყვანა და იგი ძალიან გახარებული იყო: „თემური შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს რაღაც განსხვავებულს შესძენს. მას გოლის გატანა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია“. ლის სიტყვების მიუხედავად, ქეცბაია მსხვერპლი გახდა. მსხვერპლი ახალი მწვრთნელისა, მსხვერპლი ვულვზის ტაქტიკისა და მსხვერპლი იმისა, რომ მგლების სისტემას ვერ მოერგო. რეალურად, ქეცბაია არ იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონშიპის ფეხბურთი უნდა ეთამაშა. თემური ჰგავდა ოთხკუთხა ღერძს მრგვალ ხვრელში.
უცნაურია, მაგრამ ქეცბაია, რომელიც ვულვზის სისტემას ვერ ერგებოდა, მგლების ქომაგთათვის იდეალური ფეხბურთელი იყო. ნიუკასლში არსებული ვითარება ვულვზშიც განმეორდა და იგი სათადარიგოთა სკამზე უფრო დიდ დროს ატარებდა, ვიდრე მოედანზე, რის გამოც მან მგლების რიგებში გადასვლას „ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება უწოდა“. ქართველმა ფეხბურთელმა ეს ფრაზა კრისტალ პალასთან გამართული მატჩის შემდეგ გამოიყენა. ქეცბაია ვულვზის მთავარი მწვრთნელის, დეივ ჯონსის ქმედებამ გააღიზიანა, რომელმაც იგი შეცვალა და მოედნის დატოვებისას თემურმა პროტესტის ნიშნად საკუთარი მაისური მინდვრის გაზონზე დააგდო.
ჯონსის გადაწყვეტილება ტაქტიკურ გადაადგილებებს უკავშირდებოდა, რაც კიტ ენდრიუსის მოედნიდან გაძევებას მოჰყვა, თუმცა ქეცბაიას ეს არ აინტერესებდა და იგი რამდენიმე დღის შემდეგაც განრისხებული იყო. „ბოლო ორი დღე კი არა, ბოლო 4 თვეა ასე ხდება. გასულ ზაფხულს, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და უფრო დიდ პატივისცემას ვიმსახურებ“, - განაცხადა თემურმა.
„ქეცბაიამ უნდა გაიგოს, რომ ეს გადაწყვეტილება ტაქტიკური გადაადგილებით იყო გამოწვეული. როცა მან საკუთარი მაისური მოედანზე დააგდო, ეს მთელი მატჩისას ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ის დაისვარა“, - უპასუხა ჯონსმა, რის შემდეგაც ქეცბაია Sky-ს ესაუბრა. „მათ ქუჩაში კი არ მიპოვეს. ნიუკასლთან 2-წლიანი კონტრაქტი მქონდა, მაგრამ აქ მოვედი, რათა ამ კლუბისთვის მაქსიმუმი გამეკეთებინა. შემიძლია, ვულვზში დავრჩე და ხელფასი მივიღო, მაგრამ 33 წლის ვარ და არა 25-ის ან 26-ის და ამ კლუბსა და საკუთარ თავზე ვზრუნავ, ამჟამინდელი ვითარებით კი ძალიან უკმაყოფილო ვარ. მაისურის დაგდებას რაც შეეხება, სიმბოლოების უპატივცემულობაზე და მსგავს სისულელეებზე საუბარი არ მინდა. უპატივცემულობა ის იქნებოდა, არაფერი რომ არ გამეკეთებინა, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ და ბოლო ორ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. უკვე 4 თვეა, რაც მსხვერპლის სტატუსი მაქვს. ვულვზს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ტოპ 6-ში უნდა ვიყოთ. ფულემსა და ბლექბერნს თუ არ ჩავთვლით, ნებისმიერ გუნდზე უკეთესები ვართ“.
ვულვზის ქომაგებს ძალიან უნდოდათ, ქეცბაიას ტრანსფერს გაემართლებინა და ქართველი ფეხბურთელი ყველაზე კარგად ალბათ, შეფილდ უენსდის წინააღმდეგ გატანილი გოლით დაამახსოვრდათ. ქეცბაია არის ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ვულვზის სიმბოლო გამხდარიყო და უნდა ყოფილიყო კიდეც...
რა მოხდა შემდეგ
ვულვზის შემდეგ ქეცბაია დანდი იუნაიტედში წავიდა. შოტლანდიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრასა და 6 გოლს ანორთოსისში გამართული 100 მატჩი და 39 გოლი მოჰყვა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იგი წარმატებული მწვრთნელია და ანორთოსისი, ოლიმპიაკოსი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, აპოელი და აეკი გაუწვრთნია. ამჟამად, იგი ანორთოსისის თავკაცია“, - წერს Birminghamlive.
ცნობისთვის, „ქეცბა“ „ვულვზის“ ღირსებას 2000-დან 2001 წლამდე იცავდა და 24 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა