ნახევარი მილიონი ვერცხლის მედალოსნებს, 250 000 ბრინჯაოს პრიზიორს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიადის ოქროს მედალოსნები მილიონ ლარს მიიღებენ, ვერცხლის მედალოსნები - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 000 ლარს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიისას აცნობა საზოგადოებას.
„საღამო მშვიდობის ჩვენო საამაყო ოლიმპიელებო, ჩვენო ჩემპიონებო, ყველას მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს''.
''8 მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მედლების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ტოპ ათეულში შევიდა. მადლობა ამისთვის თქვენ. მადლობა გამარჯვებისთვის. მთელი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მე ასევე მაქვს პატივი გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს მილიონ ლარს''.
''რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი 250 000 ლარს მიიღებს. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“.
შეგახსენებთ, ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს, ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, თავისუფალ სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.