Aa Aa
30 ივლისი 2021  |  09:30

„მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“ - მილუოკიმ არ იცოდა მამუს არჩევას თუ შეძლებდა

ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს! „მამუ“ 54-ე ნომრად მოქმედმა ჩემპიონმა აირჩია და 22 წლის მოთამაშე კარიერას „მილუოკი ბაქსში“ გააგრძელებს. ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯონ ფენტამ „მილუოკის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ახსნა „ბაქსმა“ არჩევანი „მამუზე“ რატომ შეაჩერა.

„სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკისთან გასულ კვირაში ივარჯიშა და მან ბაქსის წარმომადგენლებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მილუოკიში არ იცოდნენ, მისი არჩევის შანსი მიეცემოდათ თუ არა. დრაფტის საღამოს, მილუოკიმ 31-ე პიკი ინდიანა პეისერსს 54-ე და მე-60 პიკში გაუცვალა და არ უყოყმანია“.

მამუკელაშვილის შესახებ კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი, დევიდ ოლდრიჯი წერს, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კოლეჯის ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელის კომენტარი გამოაქვეყნა: „მამუკელაშვილს პასების დარიგება და სროლა შეუძლია. ის ყველაფერს აკეთებდა. ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა, მოხსნებს ახორციელებდა, ქულებს აგროვებდა და სეტონ ჰოლი მას იზოლაციაშიც ტოვებდა. მის სტილში ევროპულობა იგრძნობა, მაგრამ მასში ამერიკულ გავლენასაც დაინახავთ“.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში