Aa Aa
21 ივლისი 2021  |  18:20

მაკაბის მწვრთნელი: „იმედი გვაქვს, თბილისში გავიმარჯვებთ"

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი „დინამო" თბილისისთვის და „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება, ხოლო „გაგრა" („სუტიესკას" ბარიერი ვერ გაიარა) და „დილა" („ჟილინას" წინააღმდეგ დამარცხდა) კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო" თბილისი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა. 

„დინამო" თბილისის მეტოქე „მაკაბი" (ისრაელი) იქნება. კახა ცხადაძის გუნდი პირველ შეხვედრას სახლში, 22 ივლისს ჩაატარებს. მატჩი 20:30 საათიდან დაიწყება.

დღეს, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.

ბარაკ ბახარი -  „მაკაბის" მთავარი მწვრთნელი

წინა მატჩებში ჩვენთვის არასასურველი შედეგი ვაჩვენეთ,თუმცა იმედი გვაქვს, რომ დარჩენილ შეხვედრებში, მათ შორის ხვალინდელ მატჩშიც, წარმატებას მივაღწევთ.

ფავორიტზე ვერაფერს ვიტყვი, ამას თამაშის სცენარი გვიჩვენებს, როდესაც მოედანზე ორივე გუნდი გავა, თუმცა რასაკვირველია, მიზანი გამარჯვება იქნება. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილმა მარცხმა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაღი დაასვა და ჯერ კიდევ ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ.

კარგად ვიცით, როგორი გუნდია დინამო, გუნდი დიდი ისტორიითა და ევროასპარეზზე უდიდესი გამოცდილებით, ამიტომ რთული შეხვედრა გველის.

დვალიშვილისა და დარასელიას პერიოდში მაკაბი წარმატებული იყო და ეს  კარგად გვახსოვს, ამიტომ ვეცდებით ამჟამინდელი მაკაბიც წარმატებული იყოს, ცდას არ დავაკლებთ, მაქსიმუმს გავიღებთ".

„მაკაბის" ვარჯიში დინამო არენაზე


მატჩის არბიტები

დინამო არენაზე შვეიცარიის წარმომადგენელი არბიტრები იმსაჯებენ. მატჩის მთავარი მსაჯი 36 წლის ლუკას ფენდრიხი იქნება, რომელსაც ასისტენტობას სლადან იოსიპოვიჩი და  პასკალ ჰირზელი გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუქნციას სებასტიან გიშამერი შეითავსებს.

ბილეთები და მატჩის ტრანსლაცია

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს. ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია, ბილეთი აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ფასი 5-10 ლარია.

ბილეთების ყიდვა 

22 ივლისს, 20:30 საათიდან, „დინამო" თბილისისა და „მაკაბის" შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგვთავაზებს.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს, სტუმრად შედგება. ისრაელში გასამართი საპასუხო მატჩი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდები 350 000 ევროს მიიღებენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემოსავალი - 550 000 ევრო, ხოლო პლეი ოფის - 750 000 ევრო იქნება.

ფოტოები: გიორგი ჯიქია CrystalSport-ისთვის

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში