Aa Aa
21 ივლისი 2021  |  10:25

შეტაკებები მატჩის შემდეგ - ბოკას ფეხბურთელები პოლიციას დაუპირისპირდნენ

„კოპა ლიბერტადორესის“ მერვედფინალურ დაპირისპირებაში „ატლეტიკო მინეირომ“ „ბოკა ხუნიორსს“ აჯობა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. განმეორებითი შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ბრაზილიურმა კლუბმა პენალტების სერიაში იმარჯვა.

მატჩის 63-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა „ბოკას“ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუუქმა, რასაც არგენტინელთა განრისხება მოჰყვა. მათი აზრით, გოლი წესების დარღვევის გარეშე გავიდა და მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

არგენტინული გამოცემების ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის“ მოთამაშეები საკუთარი გასახდელისკენ გაემართნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ოთახი დატოვეს და ჯერ მსაჯების, ხოლო შემდეგ „ატლეტიკო მინეიროს“ გასახდელში შეჭრა სცადეს. გზად, მათ სასმელი წყლის შადრევნები და რკინის ჯებირები დააზიანეს და მეტოქე გუნდის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული „ატლეტიკო მინეიროს“ 17 წლის შემტევი, სავიო გახლავთ, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრაზილიელთა გასახდელში ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელები და პრეზიდენტი იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელმა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, არგენტინელებს ოთახში შესვლის საშუალება არ მისცა და მათი მისამართით ბოთლები ისროლა. 

ამის შემდეგ, საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ და „ბოკას“ ფეხბურთელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც „ბოკა ხუნიორსის“ მოთამაშეებისა და სამართალდამცველების დაპირისპირებაა ასახული. კადრებში ჩანს, რომ ბრაზილიელი სამართალდამცველები „ბოკას“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებენ და შეტაკებები სწორედ ამის შემდეგ იწყება.


მატჩის შემდეგ, ადგილობრივ პოლიციას „ბოკა ხუნიორსის“ რამდენიმე ფეხბურთელის დაკავება სურდა, თუმცა კლუბებსა და სამართალდამცველებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არავინ დაეპატიმრებინათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში