ტოკიოს ოლიმპიადა: გამარჯვებულები მედლებს კისერზე თავად ჩამოიკიდებენ
როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 1 წლით გადავადდა და ამიტომ, გასული წლის ნაცვლად მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება. ტოკიო 2020 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, პარალიმპური თამაშების განრიგი კი 24 აგვისტო - 5 სექტემბერია.
ტოკიოში 205 ქვეყნის 10 000-ზე მეტ ათლეტს ელოდებიან. 12 სახეობიდან 35 სპორტსმენი საქართველოსაც ეყოლება, მათ შორის: 9 ძიუდოისტი, 7 მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 4 ძალოსანი, 3 მოკრივე, 2 მოცურავე, 1 მსროლელი, 1 მოფარიკავე, 1 კარატისტი, 1 ჩოგბურთელი, 1 ტანმოვარჯიშე.
ოლიმპიადაზე საქართველოს მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან, ხოლო პარალიმპიური თამაშების მედროშე პარამოფარიკავე - ირმა ხეცურიანი.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიადა გამორჩეული მთელი რიგი შეზღუდვებით იქნება. სიახლეა ისიც, რომ მედალოსნებს დაჯილდოების ცერემონიაზე ერთგვარი თვითმომსახურება ელით - ლანგარზე დადებულ მედლებს დამოუკიდებლად აიღებენ და კისერზე ჩამოიკიდებენ. ამის გარდა, ცერემონიის ყველა მონაწილე, მათ შორის მედალოსნები, ვალდებულნი იქნებიან პირბადე გაიკეთონ. IOC-ის წევრები და საპატიო სტუმრები კი დაჯილდოების ცერემონიაზე დეზინფიცირებული ხელთათმანებით წარდგებიან.
ტოკიო 2020: ყველა ინფორმაცია და ქართველი სპორტსმენების განრიგი
მედლები, რომლებსაც ტოკიოს გმირები მიიღებენ, გადამუშავებული მასალებისგან არის დამზადებული. იაპონიის ხელისუფლებამ გამოუყენებელი ელექტროტექნიკის შეგროვების პროგრამა ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყო.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა, რის გამოც, ტოკიო 2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის.
ტოკიო 2020: ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს