EUROSPORT.RU: "კვარაცხელია რუბინს ზაფხულში არ დატოვებს"
ბოლო რამდენიმე თვეა ხვიჩა კვარაცხელიას არაერთ გუნდს უკავშირებენ. ქართველი ტალანტით ევროპული გუნდები ინტერესდებიან, თუმცა უკანასკნელ პერიოდში სატრანსფერო სიახლეები შეწყდა. „ჯვაროსნების“ შემტევზე ამბობენ, რომ მომავალ სეზონშიც „რუბინში“ იქნება.
EUROSPORT.RU-ს ჟურნალისტმა პაველ გოროდნიცკიმ დეტალურად ახსნა, თუ რატომ დარჩება კვარაცხელია კვლავ ყაზანურ კლუბში.
რა თქვა გოროდნიცკიმ?
„ხვიჩა კვარაცხელია წელს რუბინს არ დატოვებს. მისმა მამამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ თავისი შვილი რუსეთში აღარ ითამაშებდა. ხვიჩათი „ზენიტი“ ინტერესდებოდა და მამამისმა სწორედ ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი.
როგორც ვიცი, თავად ხვიჩა აპირებდა ევროპაში წასვლას, თუმცა გეტყვით სინამდვილეში რა მოხდა. ევროპული კლუბების წარმომადგენლები „რუბინს“ დაუკავშირდნენ და მათ ასეთი პასუხი მიიღეს: „კვარაცხელიას 18 მილიონ ევროდ არ გავყიდით, რადგან გვსურს, რომ მასში ბევრად მეტი თანხა ავიღოთ. მაგალითად 30 მილიონი ევრო.“
ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს. აქედან გამომდინარე მისი გაყიდვა ამ მომენტში საჭირო აღარ არის. ის ისევ „რუბინის“ წევრი იქნება და კლუბთან ერთად ევროპულ შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ კი მისი ფასი აიწევს და უფრო დიდ თანხად გაიყიდება.“
ხვიჩას კომენტარი
გუშინ ყაზანში, „რუბინის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას არკვევდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ეს წოდება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ქართველ ტალანტს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და „რუბინის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა.
ნომინაციის გამოცხადების შემდეგ, კვარაცხელიამ ღონისძიების წამყვანის კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთ კი მის მომავალს ეხებოდა.
"დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მე მომცა. მინდა გითხრათ, რომ მე ჯერჯერობით ისევ „რუბინის“ ფეხბურთელი ვარ. ვნახოთ რა იქნება მომავალში. ყაზანი მეც ძალიან მიყვარს. კმაყოფილი ვიქნები, თუ „რუბინში“ დავრჩები."