გრიკ ფრიკის ბრწყინვალე მატჩი - მილუოკიმ პირველად მოიგო და ფინიქსთან ჩამორჩენა შეამცირა
Aa
Aa

გრიკ ფრიკის ბრწყინვალე მატჩი - მილუოკიმ პირველად მოიგო და ფინიქსთან ჩამორჩენა შეამცირა

„მილუოკი ბაქსმა“ სუპერფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ვისკონსინელებმა საკუთარ კედლებში პირველი მატჩი გამართეს და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს. „ბაქსმა“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 18 ქულით მოიგო და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებია 120-100.

„მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა, რომელსაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. „გრიკ ფრიკმა“ 41 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბერძენი სუპერვარსკვლავი შაკილ ონილის შემდეგ, პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სუპერფინალური სერიის ზედიზედ 2 შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა.

„უბრალოდ ვცდილობ, კალათბურთით სიამოვნება მივიღო, კარგად ვითამაშო და აღმოვჩნდე პოზიციაში, რომელიც მომცემს საშუალებას წარმატებას მივაღწიო. ჩემი მიზანი სწორედ ესაა და თითოეული შეტევისას, იქნება ეს სამწამიანში შესვლა, ბლოკის დაყენება თუ სროლის განხორციელება, მაქსიმუმს ვაკეთებ, რათა აღმოვჩნდე პოზიციაში, რომელიც წარმატების მიღწევის საშუალებას მომცემს.“, - განაცხადა ანტეტოკოუნმპომ.

იანისს 21 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით ჯრუ ჰოლიდეი წაეხმარა. კრის მიდლტონს 18 ქულა ჰქონდა. პორტისმა და ბრუკ ლოპესმა კი 11-11 ქულა გაიფორმეს.

„ფინიქსის“ რიგებში 19 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით კრის პოლი გამოირჩა. ჯეი კრაუდერსა და დეანდრე ეიტონს 18-18 ქულა ჰქონდათ. კემერონ ჯონსონმა 14 ქულა ჩააგდო, ხოლო დევინ ბუკერის ანგარიშზე 10 ქულაა.

შეგახსენებთ, რომ „ფინიქსი“ სერიაში 2-1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. მატჩს ხუთშაბათს, თბილისის დროით 05:00-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები