ნიუ ორლეან პელიკანსი, მაიამი ჰიტი, ბოსტონ სელტიკსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

მაიამიმ ბოსტონს მოუგო და ანგარიში გაათანაბრა - ოკლაჰომამ ისევ გაიმარჯვა

გამთენიას, NBA-ში პლეი-ოფის სერიის ორი შეხვედრა გაიმართა.

ბოსტონ სელტიკსმა სერიის მეორე მატჩში საკუთარ არენაზე მაიამი ჰიტს უმასპინძლა და 101:111 დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა და ლიდერის სტატუსი არაერთხელ შეიცვალა. სტუმრებმა გარდატეხის შეტანა მესამე მეოთხედში შეძლეს, როდესაც პერიოდი 18:27 მოიგეს, დასკვნით მეოთხედში კი ბოსტონმა შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ შეძლო.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა მაიამის ტაილერ ჰიროს, რომელმაც შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 24 ქულა, 5 მოხსნა, 14 ასისტი. ორმაგი დუბლი ჰქონდა ბემ ადებაიოსაც - 21 ქულა, 10 მოხსნა, 2 ასისტი. 21 ქულა დააგროვა კეილებ მარტინმა.

ბოსტონიდან საუკეთესო 33 ქულით ჯეილენ ბრაუნი იყო, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა, და 1 ასისტი დააფიქსირა, ჯეისონ ტეიტუმმა კი მატჩი 28 ქულით, 8 მოხსნითა და 3 ასისტით დაასრულა.

ამ გამარჯვებით, „მაიამი“ ჰიტმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. გუნდებს შორის პლეი-ოფის სერიის მესამე მატჩი მაიამიში, 28 აპრილს გაიმართება.

დღის მეორე შეხვედრაში „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ 124:92 გაანადგურა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

ოკლაჰომადან საუკეთესო 33 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 33 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. 20-ქულიან ნიშნულს კიდევ ორი კალათბურთელი ასცდა. ჩეთ ჰოლმგრენი - 26 ქულა, ჯეილენ უილიამსი - 21 ქულა. ნიუ ორლეანიდან კი საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო - 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი.

ოკლაჰომა სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა ნიუ ორლეანსში 27 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები