ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„შეიძლება, ილიამ მოიგო, მაგრამ ალექსი უკეთესი მებრძოლია“ - ვოლკანოვსკის მწვრთნელი

ალექსანდრ ვოლკანოვსკის მწვრთნელმა, ჯო ლოპესმა, რომელსაც ესპანური ფესვები აქვს, El Confidencial-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვკსის ბრძოლა გაიხსენა და განაცხადა, რომ ავსტრალიელი „მატადორზე“ უკეთესი მებრძოლია.

ლოპესმა თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ბრძოლაზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ თუ წყვილში ჰოლოუეი გაიმარჯვებს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის კვლავ თოფურიასთან ბრძოლა ენდომება.

რას ამბობს ლოპესი:

ილიამ მოიგო, მაგრამ ვიცი, რომ ალექსი ილიაზე უკეთესი მებრძოლია, მას არსენალში უფრო მეტი რამ აქვს. ილიას მიმართ უპატივცემულობას არ გამოვხატავ, კარგი მებრძოლია, მაგრამ ალექსი საქმეს ილიაზე უკეთ აკეთებს. ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ ნამდვილი ალექსი არ გვინახავს. ის აბუ-დაბიში 11 დღის ჩასული იყო, მის წინააღმდეგ კი ისლამი იდგა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მეფე ვოლკი გახდებოდა. მასზე უკეთესი არავინ არის, მაგრამ ასე არ მოხდა. MMA-ის სამყაროში ასეა, ერთ დღეს შეიძლება სამყაროს მეფე იყო, მეორე დღეს კი მარცხდები.

არის თუ არა თოფურიას ნოკაუტი ისლამის ნოკაუტის გამოძახილი? არა მგონია... არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი ველოდებოდით ბრძოლას, 10 თვე, თუ 4 თვე. ჩვენი ბანაკი, რაც თოფურიასთან ბრძოლამდე გვქონდა, არაფრით განსხვავდებოდა იმ ბანაკებისგან, რომელიც ამის წინა ბრძოლებში იყო და სადაც გავიმარჯვეთ. ყველაფერი იდეალურად იყო და წონის კლებაშიც არ ყოფილა პრობლემა.

ილიას მსგავს მებრძოლებს ყოველთვის აქვთ რაღაცის შეცვლის შანსი. მას ერთი დარტყმით შეუძლია ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლა. მას კარგი სიმაღლე აქვს, როგორც კი ნოკდაუნში ჩავარდა, მაშინვე ფეხზე წამოდგა. დიდი მოცულობის დარტყმებს აკეთებს.

თოფურია VS ჰოლოუეი? სანახაობრივი ბრძოლა იქნება, უამრავი დარტყმით, რადგან ორივე კარგი მოკრივეა. ვფიქრობ, მაქსს სიმაღლეში უპირატესობის გამო მოგების უფრო დიდი შანსი ექნება, იცის როგორ გააკეთოს ყველაფერი და ეს თოფურიასთვის ძალიან რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ ილიას საპირისპიროდ კარგი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია, რადგან დიდი ძალა აქვს. ვერ უარვყოფ, რომ თუ ილიას მუშტები მიზანს მოხვდება, მაშინ რაღაც განსაკუთრებულის მიღებას შეძლებს.

ეს შერეული საბრძოლო ხელოვნებაა და შეიძლება მხოლოდ დარტყმებით ვერ გამოხვიდე. თოფურიამ გვაჩვენა, რომ მიწაზე გადასვლა და მახრჩობელას გაკეთება შეუძლია. მაგრამ როდესაც მიწაზე მაქსი გადაგყავს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს. მისი დაჭერა ძალიან რთულია, კედელთანაც რომ მიიყვანო, მისი დაჭერა გაგიჭირდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც მიწაზე დაიჭირა, ალექსი იყო, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთულია. ზამბარასავითაა, როცა მიწაზე აგდებ, სწრაფად დგება.

ჩვენ კვლავ ჩემპიონობა გვსურს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ილიას წინააღმდეგ იქნება, თუ მაქსის. ალექსმა მითხრა, რომ თუ ილიასა და მაქსის ბრძოლაში მაქსი მოიგებს, მას ილიასთან ჩხუბი ენდომება, რადგან სურს, რომ ბრძოლა თავისკენ შემოაბრუნოს. ეს ერთადერთი რამაა, რაც მას ახლა თავში უტრიალებს. თუ მაქსი მოიგებს, ის არა ჩემპიონობისთვის, არამედ ილიასთან იჩხუბებს. უნდა საკუთარ თავსაც დაუმტკიცოს, რომ ილიაზე უკეთესი მებრძოლია.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წლის 17 თებერვალს გაიმართა და ქართველმა მეორე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. „დალოცვილად“ წოდებულმა ჰოლოუეიმ ცოტა ხნის წინ BMF-ის ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ნოკაუტით დაამარცხა.

ჰოლუეისა და გეიჯის ბრძოლას ილია თოფურიაც ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ „დალოცვილმა“ ქართველი მებრძოლი დარბაზშივე გამოიწვია, მოგვიანებით კი თოფურიამ უპასუხა, რომ მასთან ბრძოლისთვის მზადაა. რამდენიმე დღის წინ, „მატადორმა“ განაცხადა, რომ მისი სურვილია, ბრძოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას, თუ არ გააკეთებს ქათამი იქნება“ - თოფურიას ულტიმატუმი ჰოლოუეის
„ამას, თუ არ გააკეთებს ქათამი იქნება“ - თოფურიას ულტიმატუმი ჰოლოუეის