რამოსმა ექს-თანაგუნდელებს გაუმხილა: ესპანელი ახალ კლუბს შეუთანხმდა
Aa
Aa

რამოსმა ექს-თანაგუნდელებს გაუმხილა: ესპანელი ახალ კლუბს შეუთანხმდა

მადრიდის ''რეალის'' ექს-კაპიტანი სერხიო რამოსი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ესპანური რადიო Cadena Cope იუწყება, რომ ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის ტრიუმფატორმა რამდენიმე კლუბის წინადადებას უარით უპასუხა, ამ კლუბებს შორის არიან ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ლონდონის ''ჩელსი'', ხოლო პარიზული კლუბის წინადადებას დათანხმდა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მადრიდული გრანდის სამ ფეხბურთელს აცნობა, რომლებთან ერთადაც ''სამეფო კლუბში'' თამაშობდა.

ესპანელი ჟურნალისტის, პაკო გონსალესის ცნობით, რამოსმა ახალი კლუბის თაობაზე გადაწყვეტილება ''რეალის'' დატოვებიდან ხუთი დღის შემდეგ მიიღო. პაკო გონსალესმა ინფორმაცია Cadena Cope-ს გადაცემა Tiempo de Juego-ში გააჟღერა. ამ გადაცემის წამყვანი სწორედ აღნიშნული ჟურნალისტია.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე AS-ი იუწყებოდა, რომ ფინანსური საკითხების გარდა, რამოსს პარიზში გადასვლის პერსპექტივაც ხიბლავს, საფრანგეთის დედაქალაქი ფეხბურთელის ოჯახისთვის იდეალური ადგილია. AS-ი იუწყებოდა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები რამოსს „რეალში" გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციამდე დაუკავშირდნენ.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს სერხიო რამოსის ექს-თანაგუნდელის, მადრიდის ''რეალის'' მცველის, რაფაელ ვარანის გადაბირებითაა დაინტერესებული, თუმცა ფრანგის მიმართ ინტერესს ''მან. იუნაიტედიც'' იჩენს.

სერხიო რამოსი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. რამოსმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები