პოლ ჯორჯს ხელი აუკანკალდა - ფინიქსის სასწაული ეიტონმა შექმნა
Aa
Aa

პოლ ჯორჯს ხელი აუკანკალდა - ფინიქსის სასწაული ეიტონმა შექმნა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „ფინიქს სანსთან“ სერიაში ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი გაანიავა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, „კლიპერსი“ 1 ქულით იგებდა და პოლ ჯორჯს 2 საჯარიმო ტყორცნის უფლება ჰქონდა, თუმცა „პიჯი13-მა“ ორივე სროლა გააცუდა და არიზონელებს იმედი დაუტოვა.

„ფინიქსმა“ შანსით შესანიშნავად ისარგებლა. საფინალო სირენამდე 0.9 წამით ადრე, „სანსმა“ ბრწყინვალე კომბინაცია გაათამაშა და დეანტრე ეიტონის „ალეი უპით“ სერიაში ანგარიში 2-0 გახადა - 104-103.

„ფინიქსს“ ყველასთვის მოულოდნელად კემერონ პეინმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. დეანდრე ეიტონს 24 ქულა და 14 მოხსნა ჰქონდა. დევინ ბუკერმა 16-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო და 20 ქულასთან ერთად, მის ანგარიშზე 7 დაკარგვაც გახლდათ. სარიჩმა და ჯონსონმა კი 11-11 ქულა დააგროვეს.

„კლიპერსს“ 26 ქულით პოლ ჯორჯმა ულიდერა. რეჯი ჯექსონი 19 ქულით გამოირჩა. ივიცა ზუბაცმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა, 11 მოხსნა. ლუკ კენარდი კი 10 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ „კლიპერსი“ „დალას მავერიქსთან“ და „იუტა ჯაზთან“ სერიებშიც 0-2-ს აგებდა და მათთვის ეს ნაცნობი მდგომარეობაა. მომდევნო შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართება და მატჩს 25 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები