18 წლის ფეხბურთელი ვარჯიშისას დაეცა და გარდაიცვალა
Aa
Aa

18 წლის ფეხბურთელი ვარჯიშისას დაეცა და გარდაიცვალა

უნგრეთში ტრაგედია დატრიალდა. უნგრეთის რანგით მე-3 დივიზიონში მოასპარეზე კლუბის, „ანდრაშიდას“ 18 წლის ფეხბურთელი, ვიქტორ მარსელ ჰეგედუსი ვარჯიშისას გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ჰეგედუსის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ჩვენი კლუბი საშინელმა და ენითაღუწერელმა ტრაგედიამ შეძრა. 21 ივნისს, უნგრეთის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე ანდრაშიდამ საკუთარ სპორტულ ცენტრში ვარჯიში გამართა. ვარჯიშის მეორე ნახევრისას 18 წლის ვიქტორ მარსელ ჰეგედუსი მოულოდნელად მინდორზე დაეცა და გონება დაკარგა.

თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა ახალგაზრდა ფეხბურთელს დახმარება იმ მომენტშივე აღმოუჩინეს და მისი სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანა სცადეს. პარალელურად, ისინი ტელეფონით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუკავშირდნენ და მათი მითითებების მიხედვით გულის მასაჟებს ასრულებდნენ და დეფიბრილატორიც გამოიყენეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლის შემდეგ, ექიმები ფეხბურთელის გადასარჩენად დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოუვიდათ.

ვიქტორ მარსელ ჰეგედუსის სახით ნიჭიერი ფეხბურთელი, შესანიშნავი თანაგუნდელი და მეგობარი დავკარგეთ. მის არყოფნასთან შეგუება არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ანდრაშიდას თითოეული წევრისთვის ურთულესი იქნება.

გვინდა, მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ. მშვიდად განისვენე ვიქტორ“, - წერია უნგრული კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები