პსჟ, სიტი და მანჩესტერი - სად წავა რამოსი?
Aa
Aa

პსჟ, სიტი და მანჩესტერი - სად წავა რამოსი?

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS სერხიო რამოსის სამომავლო გეგმებზე წერს და გვარწმუნებს, რომ „რეალის“ ყოფილ კაპიტანს შეთავაზებები მინიმუმ 3 კლუბიდან აქვს. როგორც ირკვევა, 35 წლის მცველის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურთ.

პსჟ-მ და „წითელმა ეშმაკებმა“ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს, „ქალაქელები“ კი ჯერჯერობით არ ჩქარობენ და მოვლენების განვითარებას ელოდებიან. AS-ის ცნობით, მანჩესტერულ კლუბებს შორის სერხიო „იუნაიტედისკენ“ იხრება. მეორე მხრივ, ფრანგთა წინადადება გაცილებით მსუყეა, ვიდრე „ოლდ ტრაფორდელების“.

ფინანსური საკითხების გარდა, რამოსს პარიზში გადასვლის პერსპექტივაც ხიბლავს. იგი თვლის, რომ საფრანგეთის დედაქალაქი მისთვის და მისი ოჯახისთვის იდეალური ადგილია და პსჟ მზადაა, მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რაც სერხიოს მთავარი მოთხოვნაა. ესპანური გამოცემის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლები რამოსს „რეალში" გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციამდე დაუკავშირდნენ და ამ ეტაპზე, მას პრემიერ ლიგაში გადასვლას, კარიერის „პარკ დე პრენსზე“ გაგრძელება ურჩევნია.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, რამოსისადმი „მილანის“ ინტერესის შესახებ დაიწერა, მაგრამ AS „როსონერიზე“ აბსოლუტურად არაფერს ამბობს, ისე როგორც „რომაზე".

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მცველი „სამეფო კლუბს“ 2005 წელს „სევილიადან“ შეუერთდა. რამოსმა მადრიდული გრანდის მაისური დღემდე 671-ჯერ მოირგო, 101 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები