კორინთიანსმა თავისი ფეხბურთელი მწვანე ბუცებით თამაშის გამო დასაჯა
Aa
Aa

კორინთიანსმა თავისი ფეხბურთელი მწვანე ბუცებით თამაშის გამო დასაჯა

ბრაზილიურმა კლუბმა, „კორინთიანსმა“ საკუთარი ფეხბურთელი, ჟო მწვანე ბუცებით თამაშის გამო დასაჯა. „ბაჰიასთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, „კორინთიანსის“ ცენტრფორვარდმა მწვანე ბუცებით იასპარეზა, რასაც ქომაგების განრისხება მოჰყვა.

საქმე ისაა, რომ ჟოს ბუცები „კორინთიანსის“ მოსისხლე მტრის, „პალმეირასის“ ფერებში გახლდათ და კლუბის გულშემატკივრების გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია. ქომაგთა პოზიცია „ტიმაუს“ ხელმძღვანელებმაც გაიზიარეს და ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სანქციები გაატარეს.

„კორინთიანსის მმართველი საბჭო ბაჰიასთან მატჩში გამოყენებული მწვანე ბუცების თემაზე ჟოს გაესაუბრა. ფეხბურთელმა გაფრთხილება მიიღო, ჯარიმის გადახდა მოუწევს და ამ ფერის ბუცებით, როგორც ვარჯიშზე, ისე თამაშებზე აღარასდროს გამოცხადდება“.

კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადება ჟომაც გააკეთა და აღნიშნა: „კორინთიანსთან დაკავშირებული ჩემი ისტორიის გამო მწვანე ბუცებს აღარასდროს გამოვიყენებ. ეს ის კლუბია, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს. კორინთიანსის მისამართით უპატივცემულობას არასდროს გამოვიჩენ, მის ქომაგებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამ კლუბის მაისურს ყოველთვის პატივს ვცემდი და მომავალშიც ასე იქნება“.

ცნობისთვის, „კორინთიანსი“ და „პალმეირასი“ დაუძინებელი მტრები არიან და მათი დერბი, რომელიც „პაულისტას დერბის“ სახელითაა ცნობილი, ბრაზილიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. ჟოს რაც შეეხება, მას „სიტიში“, ცსკა-ში და „ევერტონში“ უთამაშია. სხვათა შორის, მას Nike-ის Mercurial Vapor 14 ეცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები