კუმანი დეპაის შემდეგ ნახევარმცველის დამატებას ითხოვს
Aa
Aa

კუმანი დეპაის შემდეგ ნახევარმცველის დამატებას ითხოვს

ჟორჟინიო ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ „ბარსელონა“ მემფის დეპაის გაფორმებასთან ახლოსაა. ესპანური Marca-ს ცნობით, კატალონიელები ნიდერლანდელი ფორვარდის დამატების შემდეგ, ახალი ნახევარმცველის მოძებნას დაიწყებენ.

წყაროს ცნობით, კუმანი ვეინალდუმის ვერშეძენით იმედგაცრუებულია და ამჟამად მისთვის ნახევარდაცვის გაძლიერება პრიორიტეტულია. პედრის, ბუსკეტსისა და დე იონგის ფონზე ნიდერლანდელ სპეციალისტს უფრო მეტად ფიზიკურად ძლიერი შუახაზელის დამატება სურს.

„სამწუხაროა, რომ მისი (ვეინალდუმი) გადმობირება ვერ შევძელით. ის საინტერესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, მასთან სათანადოდ ვერ ვიმუშავეთ.

ახალი სეზონისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თავდაუზოგავად ვშრომობთ, რომ იმაზე კარგი და კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, ვიდრე გასულ სეზონში ვიყავით. დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება“. - ამბობს კუმანი.

ამ მომენტისთვის კატალონიელთა სამიზნეთა სია ცნობილი არ არის, რადგან კლუბს ფინანსურად სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს. პრეზიდენტი ლაპორტა ფონს გასვლას ფეხბურთელთა გაცვლით გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ „ბლაუგრანას“ მალე სერხი რობერტო და მირალემ პიანიჩი დატოვებენ, რაც კლუბს დამატებით ფინანსებს მოუტანს.

როგორც მოგეხსენებათ, გარდა ფიზიკურად ძლიერი შუახაზელისა, „ბარსელონა“ ბერნარდო სილვას დამატებასაც ცდილობს, რომელსაც „კამპ ნოუზე“ თამაშის სურვილი თავადაც აქვს. პორტუგალიელის სანაცვლოდ „სიტი“ 60 მილიონს ითხოვს, თუმცა „ბარსა“ მათ სერხი რობერტოს, ან ფრანციშკუ ტრინკაუს გარიგებაში ჩართვას სთავაზობს, რაზეც „ქალაქლეები“ წინააღმდეგნი არ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები