Aa Aa
17 ივნისი 2021  |  12:46

ჰარასლინს პოლონური ესმოდა და გუნდელებს მათ მითითებებს უთარგმნიდა

სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკას ჰარასლინმა პოლონეთთან მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ, სლოვაკურ პრესას ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ენის ცოდნა მეტოქის წინააღმდეგ თამაშისას დაეხმარა, რადგან მას პოლონელთა საუბრები ესმოდა და თანაგუნდელებს ეუბნებოდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა მეტოქე.

ჰარასლინი ამბობს, რომ ის პოლონელთა საუბრებს იქამდე ისმენდა, სანამ არ გაუგეს და თავი აარიდეს.

„მატჩის მსვლელობისას იყო მომენტი, როცა გლიკი კრიხოვიაკს ეუბნებოდა, თუ სად აპირებდა ჩარბენას. ეს მოვისმინე და ტომას ჰუბოკანს მაშინვე დავუყვირე, რომ ფრთხილად ყოფილიყო. ამის დანახვის შემდეგ, გლიკი მიხვდა, რომ ყველაფერი მესმოდა და შემდეგ ფრანგულად დაიწყო საუბარი, მაგრამ მე მათი მაინც მესმოდა, რადგან ფრანგული იტალიურს ჰგავს“. - ციტირებს ჰარასლანის სიტყვებს sportsfinding-ი.

ჰარასლინი ადრე პოლონურ გდანსკის „ლეხიაში“ თამაშობდა და ენა სწორედ იქ ისწავლა. ბოლო ორი სეზონი კი მან „სასუოლოში“ გაატარა და ბუნებრივია იტალიურიც იცის.

ჰარასლინმა გლიკის ფრანგულის გაგონების შემდეგ მათთან მისვლა გადაწყვიტა და უთხრა: „კამილ, თქვენი ფრანგულადაც მესმის“. ამ მომენტის შემდეგ, „სასუოლოს“ ფეხბურთელს პოლონელები თავს არიდებდნენ.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა პოლონეთს 2:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად გაიუმჯობესა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში