მორცხვი ნგოლინიო და სუპერმენის ბნელი მხარე - ფაბრეგასმა კანტეზე ისაუბრა
Aa
Aa

მორცხვი ნგოლინიო და სუპერმენის ბნელი მხარე - ფაბრეგასმა კანტეზე ისაუბრა

„ჩელსის“ ყოფილ ფეხბურთელს, სესკ ფაბრეგასს Telegraph-ში საკუთარი რუბრიკა აქვს და ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლო სტატია ექს-თანაგუნდელს, ნგოლო კანტეს მიუძღვნა. სესკმა კანტეზე საინტერესო ისტორიები გაიხსენა და მის „ბნელ მხარეზეც“ ისაუბრა.

„მახსოვს, როცა კანტე ჩელსიში გადმოვიდა, ძალიან მორცხვი იყო და საერთოდ არ ლაპარაკობდა. მე და ედენ აზარმა ნგოლოს ბრაზილიური მეტსახელი შევარქვით და მას ნგოლინიოთი მოვიხსენიებდით. ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად ხუმრობა იყო, თუმცა „ნგოლინიო" კარგად გამოხატავს, თუ როგორ ვაფასებდით მისი თამაშის იმ ასპექტებს, რომლებსაც სხვები ვერც კი ხედავდნენ. ნგოლინიო თავის პოზიციაზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუ საფრანგეთი, რომელიც ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტია, ევროპის ჩემპიონატს მოიგებს, ნგოლოს ოქროს ბურთის დასაკუთრების ბრწყინვალე შანსი ექნება.

მის დრიბლინგს თქვენი გაოცება შეუძლია. ნგოლო საყრდენია, რომელიც ვარდნებს ახორციელებს, ბურთს იბრუნებს და თავის საქმეში ფანტასტიკურია, მაგრამ ხანდახან საოცარ დრიბლინგს ახორციელებს და ბურთს საერთოდ არ კარგავს. ალბათ, ნგოლინიო სწორედ ამიტომ შევარქვით. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია.

ნგოლო ჩუმი და მორცხვია, მაგრამ როგორც კი გაიცნობთ, მიხვდებით, რომ ძალიან მხიარული ბიჭია და თუ კარგ ხასიათზეა, მასთან დროს ჩინებულად გაატარებთ. ყველამ იცის, რომ კანტე შესანიშნავი ადამიანია. მახსოვს, ერთხელ დილით შევიკრიბეთ, საღამოს თამაში გვქონდა და ნგოლო არსად ჩანდა. იგი პუნქტუალურობით გამოირჩევა და არასდროს აგვიანებს, ამიტომ ერთმანეთს ვეკითხებოდით: „ნგოლო სადაა, ნგოლო სადაა შეხვედრა იწყება“. როგორც იქნა, კანტე მოვიდა და ვკითხეთ რატომ დააგვიანა. ნგოლომ გვიპასუხა, რომ მსუბუქ ავარიაში მოყვა, იქ მყოფი ხალხი კი ვერ იჯერებდა, რომ მათ გვერდით კანტე იდგა და მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. ზრდილობიანმა ნგოლომ უარი ვერავის უთხრა... წარმოიდგინეთ, მისი მანქანა დაზიანებული იყო, გვერდითა სარკის ხელახლა დამაგრება გახდა საჭირო და მიუხედავად იმისა, რომ ნგოლომ იცოდა, დააგვიანებდა, ფოტოების გადასაღებად მაინც გაჩერდა.

ყველა დიადი ფეხბურთელის მსგავსად, კანტეს შეუძლია, რომ მნიშვნელოვან მატჩებში საკუთარი თამაში უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. მახსოვს, მანჩესტერის წინააღმდეგ გამართული ასოციაციის თასის ფინალური მატჩის დღეს ძალიან ცხელოდა და კანტეს მთელი დღის განმავლობაში არაფერი უჭამია. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინ მგონი რამადანი იყო. ფინალამდე ლანჩი გვქონდა და ნგოლოს ვკითხე რამის ჭამა ხომ არ სურდა. კანტემ უარი მითხრა, რადგან მარხულობდა და მისი პასუხის შემდეგ, ძალიან ავნერვიულდი. მეგონა, რომ სირბილს უბრალოდ ვერ შეძლებდა, თუმცა შევცდი. კანტეს ფანტასტიკური მატჩი ჰქონდა და დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, გაუსაძლისი სიცხის ფონზე ეს როგორ მოახერხა. იმ შეხვედრის შემდეგ, მას უდიდეს პატივს ვცემ და მის ადგილას იმავეს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი.

ნგოლოს მხარდამხარ თამაშისას თავს დაცულად და დაზღვეულად გრძნობ. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და იცის საკუთარი ძლიერი მხარეები როგორ გამოიყენოს. მახსოვს, წინ მშვიდად მივდიოდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემ უკან სუპერმენი იდგა, რომელიც ყველა ჩვენგანის მაგივრად დარბოდა.

შესაძლოა, კანტეს სათანადოდ იმიტომ ვაფასებ, რომ მის მხარდამხარ მითამაშია, თუმცა ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ნგოლო მაღალი დონის ფეხბურთელია. მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს რომ ჰკითხოთ, სურთ თუ არა მათ გუნდში კანტემ იასპარეზოს, ყველა მათგანი დადებით პასუხს გაგცემთ.

ფეხბურთის თითოეულმა ქომაგმა იცის, რომ ნგოლო კარგი ადამიანია, მაგრამ მას ბნელი მხარეც აქვს, რომელსაც მაშინ ვხედავ, როცა მატჩებს ტელევიზიით ვუყურებ. მოედანზე ყოფნისას კანტე თავს არ კარგავს, მაგრამ თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ წესების დარღვევასა და ყვითელი ბარათების მიღებას არ ერიდება, ჯარიმების შემდეგ კი მეტოქეებს ბოდიშს არ უხდის და უბრალოდ სვლას აგრძელებს. მისი ეს თვისება ძალიან მომწონს და მოწინააღმდეგეებს ანიშნებს, რომ კანტე მოედანზე კარგი ბიჭი არაა. თუ მოედანზე კარგი ბიჭი ხარ, მეტოქეები ცოცხლად შეგჭამენ და ყოველთვის, როცა მის ბნელ მხარეს ვხედავ, მეღიმება“.

შეგახსენებთ, რომ ახლახან კანტეს შესახებ პავარმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნგოლოს 6 ფილტვი აქვს და იგი გაუჩერებლად დარბის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები