Aa Aa
9 ივნისი 2021  |  11:51

იუვენტუსი რონალდუს გასაშვებად ემზადება

კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ალბათობით გუნდს შეიცვლის. ესპანური AS-ი წერს, რომ პორტუგალიელის ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულის მთავარ მოვლენად იქცეს.

რონალდუს ამ მომენტისთვის მხოლოდ 2 ვარიანტი აქვს: „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პსჟ. სანამ 36 წლის ფეხბურთელი თავის მომავალს არკვევს, იქამდე „იუვე“ მისი წასვლისთვის ემზადება და თავდასხმის გასაძლიერებლად გეგმებს აწყობს.

ამ მომენტისთვის ტურინელთათვის ალვარო მორატას შენარჩუნება და საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება პრიორიტეტულია. იტალიელები იმედოვნებენ, რომ „ატლეტიკოსთან“ შეთანხმებას მიაღწევენ. გარდა ამისა, „ბებერი ქალბატონი“ 3 ფორვარდს აკვირდება. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სიაში მაურო იკარდი (პსჟ), გაბრიელ ჟესუსი (სიტი) და დუშან ვლახოვიჩი (ფიორენტინა) იმყოფებიან.

წყაროს ცნობით, ჟესუსი „იუვენტუსის“ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, რადგან ბრაზილიელს „სიტიში“ ძირითადად თადარიგში უწევს დარჩენა. თუ, ტურინელები მას ძირითადის ფორვარდად მოიაზრებენ, ასეთ შემთხვევაში შეთანხმების ალბათობა გაიზრდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინელებმა ჟესუსის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე დაამყარეს და „სიტისთვის“ შეთავაზების გაკეთებას გეგმავენ. ამ მომენტისთვის ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია.

იტალიური გამოცემა ასევე წერს, რომ მაურო იკარდი მასიმილიანო ალეგრის ფავორიტი ვარიანტია. არგენტინელის გაფორმება იმ შემთხვევაში გაადვილდება, თუ რონალდუ პსჟ-ში გადავა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ რონალდუ მის გეგმებში არ შედის. „მედ მაქსის“ ხელში მუშაობა დიდად არც კრიშტიანუს ხიბლავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში