Aa
Aa

ტოპ ფეხბურთელები ევრო 2020-ის მიღმა - რუსეთში კვარაცხელია გამოარჩიეს

რუსულმა გამოცემამ, nevasport.ru-მ ტოპ დონის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ. სტატიაში აქცენტი იმ ნაკრებების წარმომადგენლებზეა გაკეთებული, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ და მათ შორის „რუბინის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელიც გვხვდება.

„ამ მომენტში რუბინის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ მოთამაშე მხოლოდ რუსეთის პრემიერ ლიგის დონეზეა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე რომ ეასპარეზა, სავარაუდოდ, მთელი ევროპის ყურადღებას მიიპყრობდა. საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა“, - წერს nevasport.ru.

რუსულმა გამოცემამ ხვიჩას გარდა, კიდევ 10 ფეხბურთელი გამოარჩია. ნორვეგიის ნაკრებიდან ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი. სომხეთის ნაკრებიდან ჰენრიხ მხითარიანი. სერბეთის ნაკრებიდან დუშან ტადიჩი, ლუკა იოვიჩი და ფილიპ კოსტიჩი. სლოვენიის ნაკრებიდან იან ობლაკი. მონტენეგროს ნაკრებიდან სტევან იოვეტიჩი, ხოლო ბოსნიის ნაკრებიდან ედინ ჯეკო და მირალემ პიანიჩი.

შეგახსენებთ, რომ 2020-21 წლების სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ამ ზაფხულს ყაზანი დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები