„საშინელი სტრაიკინგი აქვს, მერაბს გავტეხავ და დავაძინებ
Aa
Aa

„საშინელი სტრაიკინგი აქვს, მერაბს გავტეხავ და დავაძინებ" - სტამანმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქემ, კოდი სტამანმა 2 მაისს გასამართი ჩხუბის შესახებ ისაუბრა. ამერიკელმა ინტერვიუ Bjpenn.com-ს მისცა და განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მერაბთან ბრძოლისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი და სხვა გზის არჩევას ვაპირებდი. ამ ბიჭთან ჩხუბისთვის 4 თვე ვვარჯიშობდი და რაღაც ახალი მინდოდა, თუმცა მისი ვარიანტი ისევ და ისევ ჩნდებოდა. შემდეგ მერაბმა იმ სპორტდარბაზში დაიწყო სიარული, სადაც მე ვვარჯიშობ. ამის შემდეგ, ჩემს სპარინგ-პარტნიორებთან ვარჯიშობდა, რაც ძალიან უცნაურია, თუმცა დვალიშვილთან ვარჯიშის შემდეგ, სწორედ ჩემმა სპარინგ-პარტნიორებმა მითხრეს, რომ ჩხუბს უნდა დავთანხმებოდი, რადგან ბრძოლის სტილის მხრივ მას ჩემთან ძალიან გაუჭირდება. მათი თქმით, მე მერაბზე უკეთესი მოჭიდავე ვარ და შემიძლია, მას სტრაიკინგშიც ვაჯობო. გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ეს აღმოჩნდა და ბრძოლაზე თანხმობა ამის შემდეგ ვთქვი.

ჩემი კარიერის ისტორია ასეთია. აშკარა აუტსაიდერი ვარ იმ მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებთანაც აუტსაიდერი არ უნდა ვიყო. გადავხედე მერაბის ყოფილ მოწინააღმდეგეებს და მებრძოლებს, რომლებსაც მე ვეჩხუბე, რასაც ჩვენი შესაძლებლობები ემატება და ვერ ვხვდები, აუტსაიდერი რატომ ვარ. რა თქმა უნდა, მერაბს ჭიდაობა შეუძლია, მაგრამ მეც მაღალი დონის მოჭიდავე ვარ და კარიერაში ჩემი პარტერში გადაყვანა მხოლოდ რამდენჯერმე შეძლეს. ხალხს ჰგონია, რომ დვალიშვილი ჩემ წინააღმდეგ 10 თეიქდაუნს განახორციელებს? ჩემი აზრით, ეს არ მოხდება.

მერაბი 40 წლის ჯონ დოდსონს ეჩხუბა და ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. მანამდე იყო მეტოქე, რომელმაც ჩხუბზე თანხმობა ოქტაგონზე გასვლამდე 40 საათით ადრე განაცხადა. შემდეგ სპორტდარბაზში ვნახე დვალიშვილი დგომში როგორი მებრძოლია და მივხვდი, რომ ამ ასპექტში ეს ბიჭი სამოყვარულო დონეზეა და უბრალოდ ძლიერ დარტყმებს ახორციელებს. მთელი ჩემი კარიერაა მოჭიდავეებს ვეჩხუბები და ვიცი, რომ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი, რადგან ისეთი ჰაიპი არ მაქვს, როგორიც სხვებს.

მერაბის წინააღმდეგ ჭიდაობას ვაპირებ. ბევრი მებრძოლი ვნახე, რომლებიც დვალიშვილის დამარცხებას დისტანციის დაჭერით ცდილობდნენ, რადგან თეიქდაუნების ეშინოდათ. მე შემტევ ჭიდაობაში მერაბზე უკეთესი, ხოლო დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ. დვალიშვილი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მეტოქე იქნება, ვის წინააღმდეგაც მიჩხუბია, თუმცა ძლიერი სტრაიკერი ვარ და კონტრდარტყმის მიყენება ნებისმიერისთვის შემიძლია. მისი სტრაიკინგი არათუ კარგი, არამედ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდია იმ მებრძოლებს შორის, რომლებთანაც UFC-ში მიჩხუბია. მას მართლაც საშინელი სტრაიკინგი აქვს. ამ ბიჭს გავტეხავ და დავაძინებ. მერაბის გულშემატკივრები დაბნეული იქნებიან, როცა ბრძოლა დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სტამანის შერკინება თბილისის დროით 2 მაისს გაიმართება. მერაბი ბრძოლას ზედიზედ 5 გამარჯვებით ხვდება და თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. სტამანმა ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები