Aa Aa
22 აპრილი 2021  |  23:40

ბირჰოფი: "ფლიკთან ჯერჯერობით სერიოზული საუბარი არ გვქონია"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი ჰანსი ფლიკი ჯერჯერობით გერმანიის ნაკრებში დანიშვნისგან შორს არის. ამბობს ბუნდეს ნაკრების დირექტორი ოლივერ ბირჰოფი

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ჯერჯერობით ახალი მწვრთნელის ვინაობის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ამჟამინდელი თავკაცი იოჰიმ ლიოვი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგება.

გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ფლიკი ლიოვის იდეალური შემცვლელი იქნება. ცნობილია, რომ ჰანსი სეზონის დასრულების შემდეგ „რეკორდმაისტერს“ დატოვებს.

რა თქვა ბირჰოფმა?

„ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არაფერია. ჰანსი ფლიკი ჯერ კიდევ „ბაიერნის“ მწვრთნელია და მასზე ლაპარაკის უფლება არ გვაქვს. ჯერჯერობით მასთან სერიოზულად არ გვისაუბრია.“

ბირჰოფმა ისიც თქვა, რომ ფლიკს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც სამომავლოდ გარკვეულ იმედებს იძლევა.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა თქვა: „ჩვენ არ შეგვიძლია მწვრთნელს მიმდინარე კონტრაქტი გავუწყვიტოთ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.“

რატომ ტოვებს ფლიკი "ბაიერნს"?

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფლიკი „ბაიერნს“ დატოვებდა. პირველად ამის შესახებ ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა განაცხადა. ამის მიზეზად ჰანსის და გუნდის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის კონფლიქტი გახდა.

პსჟ-სთან დღევანდელი შეხვედრა, ფლიკისთვის „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში, ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო იყო. იგი გერმანიის ნაკრების ჩაბარების პირველი კანდიდატია და ზაფხულში ფედერაციის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდება“, - აღნიშნა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა Sky Germany-ს პირდაპირ ეთერში.

გავრცელებული ხმებით, ჰასანი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარევას ცდილობდა. BILD-ის ინფორმაციით, სალიჰამიჯიჩს კონტროლის აღება სურდა იმაზე, თუ ვინ წავიდოდა და ვინ მოვიდოდა კლუბში. ეს ყველაფერი კი ფლიკისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა.

SPORT BILD-მა დაწერა, რომ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელებს შორის არჩევანი ორად გაიყო. ნაწილი ფლიკს უჭერს მხარს, ნაწილი კი ჰასანს.

ვინ ვის მხარეს არის "ბაიერნში"?

ვიგებთ, რომ კარლ-ჰაინც რუმენიგე ჰანსის მხარეს არის. ამ დროს კი ული ჰიონესი და ჰერბერტ ჰაინერი ჰასანის მხარეს დგანან. ოლივერ კანის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში