ლეხი კაჭარავას გამოისყიდის? - ქართველი ფორვარდის წარმატებული რეაბილიტაცია
Aa
Aa

ლეხი კაჭარავას გამოისყიდის? - ქართველი ფორვარდის წარმატებული რეაბილიტაცია

CrystalSport-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოზნანის ''ლეხის'' ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ ანტიგრავიტაციული ბილიკიდან მინდორზე გადაინაცვლა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინდორზე ინდივიდუალურად ემზადება. ფეხბურთელი სირბილის გარდა ბურთით მსუბუქად ვარჯიშობს.

ევროპა ლიგაზე ''ბენფიკასთან'' მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ მოთამაშის სარეაბილიტაციო პროცესი ყოველგვარი გართულებების გარეშე, წარმატებით მიმდინარეობს. მისი ფიზიკური კონდიციები ყოველდღიურად უმჯობესდება.

შეგახსენებთ, 27 წლის ფორვარდმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე სეზონის მე-5 ტურში ''ბენფიკასთან'' შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. პირველი ნახევრის მიწურულს ქართველი ფეხბურთელი ნიკოლას ოტამენდისთან ორთაბრძოლის შემდეგ მინდორზე დაეცა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მას სამი მყესი სრულად გაუწყდა. თავდაპირველად ექიმები იმედოვნებდნენ, რომ მოთამაშე მინდორს 4-6 კვირაში დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მას 7 იანვარს ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ მოედანს შემდეგ სეზონში დაუბრუნდება.

კაჭარავა პოლონურ კლუბს მიმდინარე სეზონში შეუერთდა, ''ანორთოსისიდან'' პოზნანურ გუნდში ერთწლიანი იჯარით გადავიდა. შესაძლოა, ზაფხულში კვიპროსულ კლუბს დაუბრუნდეს ან პოზნანურმა კლუბმა გამოისყიდოს. ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა, თუმცა კუნძულზე დაბრუნების შანსი უფრო დიდია.

მიმდინარე სეზონში ''ლეხის'' რიგებში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია. მეტწილად მეორე ტაიმის მიწურულს ერთვებოდა თამაშში და სასტარტოში ადგილის დამკვიდრების მიზნით ''ბენფიკასთან'' მატჩი შესანიშნავი შანსი იყო, ლისაბონურ გუნდთან სასტარტოში მოხვდა, თუმცა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები