„ნამდვილი მკვლელი ერთი-ერთზე“ - Tuttomercatoweb-მა ხვიჩა დაახასიათა
Aa
Aa

„ნამდვილი მკვლელი ერთი-ერთზე“ - Tuttomercatoweb-მა ხვიჩა დაახასიათა

იტალიური გამოცემები „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქტიურად წერენ. „კვარას“ რამდენიმე იტალიურ გრანდს უკავშირებენ და იქაურ პრესაში მის მიმართ არსებული ინტერესი გასაკვირი სულაც არაა. 20 წლის შემტევის შესახებ ამჯერად სტატია Tuttomercatoweb-მა გამოაქვეყნა და რუბრიკაში, რომელიც პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძღვნება, ხვიჩა დაახასიათა.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე კვირაა იტალიური კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. 2001 წელს დაბადებული ქართველი, რომელიც მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს, ტექნიკურად ძლიერია და სისწრაფით გამოირჩევა.

კვარაცხელია ორივე ფეხით კარგად თამაშობს და შეუძლია, მარჯვენა გარემარბის ფუნქციებიც შეითავსოს, მაგრამ საკუთარი მეურვეების ჩამოშორება საუკეთესოდ მარცხენა ფლანგზე გამოსდის. ხვიჩა ერთი-ერთზე ნამდვილი მკვლელია და სტანდარტულების შესრულების სპეციალისტია. რუბინში მას აბსოლუტურად ყველა კუთხურის ჩამოწოდება მიანდეს და ხშირ შემთხვევაში, შედეგი შესანიშნავია“, - წერს Tuttomercatoweb.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართველი შემტევი იტალიური კლუბების გარდა, „აიაქსსაც“ დაუკავშირეს, თუმცა ნიდერლანდელთა სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ „აიაქსს“ კვარაცხელიას გაფორმება არ სურს. ხვიჩას მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, „რუბინში“ პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ მის გასხვისებას არ აპირებენ. ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კლუბს 20 წლის შემტევის თაობაზე წინადადება არ მიუღია და არც რაიმე სახის მოლაპარაკებები გაუმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები