შერმადინის 15 ქულა და 6 მოხსნა - ლენოვო ტენერიფე რეალთან დამარცხდა
Aa
Aa

შერმადინის 15 ქულა და 6 მოხსნა - ლენოვო ტენერიფე რეალთან დამარცხდა

ლიგა ენდესას მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ გათამაშების ლიდერს, „რეალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. „სამეფო კლუბმა“ პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში გაუჭირდა და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ - 38:38.

მადრიდელებმა მეორე ტაიმი შესანიშნავად დაიწყეს და მესამე პერიოდი 10 ქულით მოიგეს. „ლენოვო ტენერიფემ“ ბოლომდე იბრძოლა და გადამწყვეტი ათწუთეული 10-0 გაქცევითაც გახსნა, თუმცა „რეალმა“ თამაშში დაბრუნება მოახერხა და საბოლოოდ, 84:76 იმარჯვა.

შერმადინი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიომ პარკეტზე 21 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და „ლენოვო ტენერიფეს“ 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 დაკარგვა ჰქონდა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ „ლენოვო ტენერიფეს“ 23 მოგება და 6 წაგება აქვს და მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, „უნიკახას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები