Aa Aa
13 აპრილი 2021  |  17:41

დორტმუნდი VS მანჩესტერ სიტი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური განმეორებითი დაპირისპირება „დორტმუნდსა და „მანჩესტერ სიტის“ შორის კარს მოგვადგა. ასეთი დაპირისპირებების წინ გულშემატკივრებს ხშირად აინტერესებთ გუნდების მდგომარეობა, მწვრთნელების წინასამატჩო პრესკონფერენციები და ა.შ

Crystalsport ამ ყველაფერს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „ქალაქელებმა“ შინ 2:1 მოიგეს. ანგარიში მე-19 წუთზე დე ბრუინმა გახსნა. მატჩის მიწურულს, როისმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა 90-ე წუთზე ფილ ფოდენმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და „სიტი“ გერმანიაში მცირე უპირატესობით გაფრინდა.

„მანჩესტერ სიტი“

პეპ გუარდიოლას გუნდს პრემიერ ლიგაში ყველაფერ იდეალურად აქვს. 32 ტურის შემდეგ „სიტი“ ჩემპიონატს 74 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 11 ქულით უსწრებს. მიუხედავად ამისა, „ქალაქელები“ უკანასკნელ ტურში 10-კაციან „ლიდსთან“ 1:2 დამარცხდნენ.

დანაკლისი - მანჩესტერულ გრანდს სერიოზული დანაკლისი არ აქვს. მეტიც, ოფიციალურ ინფორმაციაში 100 %-ით არცერთი ფეხბურთელი არ ტოვებს თამაშს. მხოლოდ აგუეროს და ლაპორტის თამაში დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის წინ?

„დიდი პატივია კვლავ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოფნა. მშვიდობიანად ჩამოვფრინდით, ვივარჯიშეთ, ვისადილეთ და თავს კარგად ვგრძნობთ. გარანტირებული არაფერი გვაქვს. პირველი შეხვედრის შემდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსირეთ, მაგრამ გერმანიაშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენი დასახული გეგმების შესრულებას. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა პირველ მატჩში. მთავარი მიზანი მოედანზე გასვლა და საუკეთესოდ თამაშია. მოწინააღმდეგეს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ აქ თავის დასაცავად არ ჩამოვსულვართ.”

“დორტმუნდი“

დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში საქმე არც ისე კარგად მისდით. ტერზიჩის გუნდი 28 ტურის შემდეგ 46 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩება. „დორტმუნდმა“ უკანასკნელ ტურში სტუმრად გაჭირვებით „შტუტგარტი“ 3:2 დაამარცხა.

დანაკლისი - ცნობილი გახდა, რომ ტერზიჩის განკარგულებაში მუკოკო, ზაგადუ, ვიტსელი და შმელცერი არ იქნებიან.

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის წინ?

"ჩვენ თავში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ მხოლოდ რწმენა საკმარისი არ იქნება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ტოპ გუნდების წინააღმდეგ თანაბრად შეგვიძლია თამაში. შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული ამოცანაა. მაქსიმალურად გაბედულად უნდა ვითამაშოთ.

ჰოლანდმა უკანასკნელ შეხვედრებში ვერ გაიტანა, თუმცა ის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო მოედანზე. ის თავისი გადაწყვეტილებებით და მოძრაობებით მუდამ აბნევდა მცველებს. იმედი გვაქვს ერლინგი „სიტის“ გაუტანს."

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 14 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში