Aa Aa
12 აპრილი 2021  |  10:04

პირადი რეკორდი NBA-ში - ბითაძის 5 დაფარება და გამარჯვება მემფისთან

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელის გუნდი „მემფისს გრიზლისს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 132-125 დაამარცხა.

გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და კარგი მატჩი ჰქონდა. ბითაძემ პარკეტზე 18 წუთი და 21 წამი გაატარა და აქტივში 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება ჩაიწერა. 21 წლის ცენტრმა 7-დან 2 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი მიითვალა, 2 საჯარიმო გამოიყენა და 2-ჯერ დაჯარიმდა, 5 დაფარება კი მისთვის NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

მატჩის შემდეგ, გოგას ასპარეზობა CBS Sports-მა და 8points9seconds-მა შეაფასეს. „ბითაძემ მემფისთან მოგებულ შეხვედრაში პარკეტზე გატარებულ 18 წუთში 7 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა, 5 დაფარება და 1 ასისტი მიითვალა. მაილს ტერნერის არყოფნის მიუხედავად, გოგამ პარკეტზე კვლავ 20 წუთზე ნაკლები გაატარა, თუმცა მიღებული შანსების უმეტესობა გამოიყენა და 5 დაფარებით კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გაზრდილი დროის მიუხედავად, გოგა ინდიანას შეტევებში დიდ როლს არ თამაშობს, მაგრამ ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში ერთზე მეტი დაფარება გაიფორმა. თუ კლიპერსთან მატჩში ტერნერი დაბრუნდება, ბითაძეს თავის გამოსაჩენად მინიმალური დრო მიეცემა“, - წერს CBS Sports.

„ინდიანას სათადარიგოთა სკამი ისეთი არ ყოფილა, როგორსაც ბოლო მატჩებში შევეჩვიეთ, მაგრამ როცა საჭირო იყო, თავისი საქმე გააკეთა. გოგა ბითაძემ და ტი ჯეი მაკკონელმა მათზე დაკისრებულ როლებს თავი შესანიშნავად გაართვეს. გოგამ 7 ქულა ჩააგდო, რასაც 6 მოხსნა დაუმატა და მაილს ტერნერის მსგავსად თამაშის საუკეთესო მცდელობისას 5 დაფარებაც ჰქონდა“, - ეს უკვე 8points9seconds-ის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 25 მოგება და 27 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 გახლავთ. „პეისერსს“ მომდევნო შეხვედრა 14 აპრილს ელის და ზემოთ ხსენებულ „კლიპერსს“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში