Aa
Aa

"ნევილი მეტოქედ არასდროს მომწონდა, მაგრამ მართალს ამბობს" - ლემანმა არსენალი გააკრიტიკა

გარი ნევილმა Sky Sports-ის ეთერში გასულ უქმეებზე ლონდონის „არსენალი“ გააკრიტიკა, რასაც გუშინ „მეთოფეთა“ ყოფილი მეკარე, იენს ლემანი გამოეხმაურა.

მოდით, ჯერ გავიხსენოთ, რა თქვა ნევილმა: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ მიკელ არტეტას „არსენალი“ არათანმიმდევრული და დაუბალანსებელია, მაგრამ შაბათის მატჩის ნახევარმა საათმა საერთოდ შოკში ჩამაგდო. ეს ძალიან არასასიამოვნო სანახავი იყო. როგორც წესი, როცა თამაში სრულდება, ეგრევე სახლში მივდივარ, შაბათს კი ნახევარი საათი ვიჯექი და მარტინ ტაილერს ვეკითხებოდი, თუ ეს რა იყო და რა ვნახეთ. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდება გუნდის შიდა სამზარეულოში, მაგრამ მოედანზე იყო რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც პატარა მაფიის წევრებს ჰგავდნენ“.

ნევილი „პატარა მაფიის“ წევრებად ლონდონელთა შეტევით ტრიოს მოიაზრებდა. მისი თქმით, ობამეიანგი, ლაკაზეტი და პეპე, მწვრთნელის გადაწყვეტილებებისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

გამოცემა Metro ნევილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, იენს ლემანს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

„გარი ნევილი, როგორც მეტოქე, არასდროს მომწონდა მოედანზე, მაგრამ ახლა მისი შეფასებები ხანდახან მომწონს. გუნდს მართლაც რაღაც აკლია და რაღაც წესრიგში არაა. გარი მართალია.

ზოგჯერ არის მომენტი, როცა ფეხბურთელს მწვრთნელის დავალება ბოლომდე არ ესმის და ვერ ითავისებს, ზოგჯერ პირიქითაც ხდება - მწვრთნელი ამოცანებს იდეალურად სახავს, მაგრამ მათ მოთამაშეები ვერ ასრულებენ. ამ შემთხვევაში, ვერ გამიგია, რომელი ხდება.

ცხადია, „არსენალი“ მიყვარს და მათ თამაშებს ვუყურებ. ნამდვილად ვერ ვხვდები, ამ სეზონში რას თამაშობენ და რა მიზნისკენ მიდიან. გასაგებია, რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია, მაგრამ ეს გულშემატკივრისთვის წარუმატებლობის საბაბი ვერ იქნება. მათ ყოველთვის სურთ, კლუბმა ზედა ოთხეულისთვის იბრძოლოს“.

„ლივერპულთან“ საშინაო მატჩში კარისკენ მხოლოდ 3-ჯერ დარტყმისა და 0:3 განადგურების შემდეგ, „მეთოფეები“ პრემიერ ლიგის ცხრილის მე-10 ადგილზე არიან და საუკეთესო ოთხეულს უკვე 10 ქულით ჩამორჩებიან.

მიკელ არტეტამ თამაშის შემდეგ ბოდიში მოიხადა: „ისინი ჩვენზე, ყველა ასპექტში, ბევრად უკეთესები იყვნენ, რაზეც პასუხისმგებელი სრულად მე ვარ. ბოდიშს ვიხდი ჩვენი გუნდისა და ფანების წინაშე“.

ესპანელი სპეციალისტი გუნდს ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპისთვის ამზადებს. 8 აპრილს, პრაღის „სლავიასთან“ პირველი მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები