Aa Aa
7 აპრილი 2021  |  01:13

სიტი VS დორტმუნდი - მატჩის შემდეგ

პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ „დორტმუნდი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. „ქალაქელებმა“ კარგად დაიწყეს და მე-19 წუთზე ანგარიში გახსნეს. „სიტის“ მხრიდან დე ბრუინი გამოირჩა, რომელმაც ბრიტანელთა კონტრშეტევა დააგვირგვინა.

„დორტმუნდმა“ წონასწორობა 84-ე წუთზე აღადგინა. „შავ-ყვითლების“ რიგებში თავი როისმა გამოიჩინა, რომელმაც ერლინგ ჰოლანდის გადაცემით ისარგებლა. „სიტის“ გმირად ფილ ფოდენი მოევლინა. ამ უკანასკნელმა 90-ე წუთზე გერმანელთა კარი აიღო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

20 წლისა და 313 დღის ასაკში ფილ ფოდენი მესამე ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეაგდო.

მარკო როისი ლუის დიასის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სიტის გოლი გაუტანა. ქალაქელებს კარი მშრალად 788 წუთის განმავლობაში ჰქონდათ შენახული. დიასმა სიტის ქომაგები ოქტომბერში დაამწუხრა.

რა თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ

„უმჯობესია, 2-1 გაიმარჯვო, ვიდრე მატჩი ფრედ დასრულდეს. ეს ჩემპიონთა ლიგაა და გერმანიაში მოსაგებად ჩავალთ. პირველ ტაიმში, ბურთის ფლობისას ჭკვიანურად არ ვმოქმედებდით, მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო. მეორე ტაიმში 2 თუ 3 მომენტი გვქონდა, როცა მეორე და მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მეტოქის გოლის შემდეგ ვითარება გამოვასწორეთ და სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ.

დორტმუნდი ძლიერი გუნდია და მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. სწორედ ამიტომ, რთულია მათ წინააღმდეგ ის გავაკეთოთ, რაც გვინდა, მაგრამ 2-1 გავიმარჯვეთ და მომდევნო კვირას კარგი შანსი გვექნება.

დღევანდელი მატჩის განმეორებას ვნახავთ, რამდენიმე ცვლილებას გავატარებთ, გერმანიაში ჩავალთ და გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. ჩვენი მომდევნო მეტოქე ლიდსია და შემდეგ გერმანიაში მოსაგებად ვიბრძოლებთ.

დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიპური კლუბია. მათ წინააღმდეგ კიდევ ერთი მატჩი გვაქვს გასამართი და ამ ეტაპზე, ანგარიში 2-1-ია. გასვლით შეხვედრაში შევეცდებით, გოლი გავიტანოთ და გავიმარჯვოთ“

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის შემდეგ

„მატჩის შემდეგ პეპმა დადებითი სიტყვები მითხრა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე დავნებდით. 8 დღეში სიტის კიდევ ერთხელ შევხვდებით. ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა და დაპირისპირების გამარჯვებულის ბედი გასარკვევია. მზად ვიქნებით, რომ შედეგის შემოსატრიალებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა მათ სასარგებლოდ იქნებოდა და ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა, მაგრამ გვინდოდა, გვეცადა და დაგვეზუსტებინა ბურთი მოედნის რა ნაწილში ექნებოდათ. ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. მათი შანსები მინიმუმამდე დავიყვანეთ და იერიშების განხორციელებისას მომენტებიც შევქმენით. თანაბარი მატჩი იყო და შედეგით იმედგაცრუებული ვართ“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში