ლამის გავარდნილი კლუბიდან - სიმიმ ტოპ 5 ლიგაში მარტში ლევანდოვსკის, რონალდუსა და სხვებს აჯობა
Aa
Aa

ლამის გავარდნილი კლუბიდან - სიმიმ ტოპ 5 ლიგაში მარტში ლევანდოვსკის, რონალდუსა და სხვებს აჯობა

იტალიის სერია A-ს ბოლოადგილოსან "კროტონეს" ფორვარდ ნვანკვო სიმის წარმატებული თვე ჰქონდა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ეგიდით, ყველა სხვა თავდამსხმელზე უკეთესი საგოლე მაჩვენებელი დააფიქსირა. ნიგერიელმა ლევანდოვსკი, რონალდუ, ბენზემა, მესი და სხვები ჩამოიტოვა, რითაც მარტის თვეში საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი დაიმსახურა.

სიმიმ 3 მარტიდან 3 აპრილამდე სერია A-ს 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა - "ტორინოსთან", "ლაციოსთან" და "ნაპოლისთან" დუბლი შეასრულა, თითო-თითო ბურთი კი "ატალანტასა" და "ბოლონიას" კარში შეაგდო. თავისი ლიდერის ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, "კროტონემ" ამ 5 თამაშიდან მხოლოდ "ტორინოს" მოუგო, დანარჩენ 4 შემთხვევაში კი უქულოდ დარჩა.

გასულ უქმეებზე სიმის გუნდმა "ნაპოლისთან" ითამაშა, ბევრი იბრძოლა, ქულის აღების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 3:4 დამარცხდა. აფრიკელმა თავი ორი საკმაოდ ლამაზი გოლით დაგვამახსოვრა.

აღნიშნულ პერიოდში სიმის შემდეგ საუკეთესო შედეგი ჰქონდა ლევანდოვსკის, რომელმაც მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, ბენზემას აქტივში 6 გოლი გახლდათ, კრიშტიანუ რონალდუმ, ხერარდ მორენომ და კელეჩი აიჰენაჩომ 5-5 ბურთი გაიტანეს, ხოლო ლორენცო ინსინიემ, ლიონელ მესიმ, ერლინგ ჰოლანდმა, დუშან ვლაჰოვიჩმა, ლუის მურიელმა და რაფა მირმა - 4-4.

ნვანკვო სიმი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ მე-3 აფრიკელია, რომელმაც "კალჩოს" ზედიზედ 5 თამაშში გაიტანა. ანალოგიური შედეგი 1996 წელს - ლეგენდარულ ჟორჟ ვეას, ხოლო 2017 წელს, "ლაციოს" შემტევ კეიტა ბალდეს ჰქონდათ

აღსანიშნავია ისიც, რომ სიმის 2021 წელს, სერია A-ს ეგიდით 11 გოლი აქვს გატანილი, რაც იტალიაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს შედეგზე უარესია - პორტუგალიელმა 12 გოლი მიითვალა. 

28 წლის ნიგერიელმა "კალჩოს" წლევანდელ გათამაშებაში სულ 15 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავის მე-4 ადგილს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან იყოფს. ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2018 წლის ივნისის შემდეგ აღარ უთამაშია.

ცალკე ხაზგასასმელია მისი კლუბის ცუდი ასპარეზობა. "კროტონე" სერია A-დან პრაქტიკულად გავარდნილია, რადგან 29 ტურში მხოლოდ 15 ქულა აიღო და დასარჩენ ზონას მთელი 9 ქულით ჩამორჩება. "კალაბრიელ ზვიგენებს" წლევანდელ გათამაშებაში სულ 35 გოლი აქვთ გატანილი და მათგან თითქმის ნახევარი (15) სიმიზე მოდის.

სიმი ნვანკვოს პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, პორტუგალიურ "პორტიმონენსეში" დაიწყო, შემდეგ 3 სეზონით "ჟილ ვისენტეში" ასპარეზობდა, 2016 წლიდან კი ნელ-ნელა "კროტონეს" ლიდერად ჩამოყალიბდა. 61 გოლით, კალაბრიული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები