14 ქულა რუსულ დერბიში - შენგელიას ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა
Aa
Aa

14 ქულა რუსულ დერბიში - შენგელიას ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა

ევროლიგის 32-ე ტურში რუსული დერბი ვიხილეთ და თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად „ზენიტს“ დაუპირისპირდა. „არმიელებმა“ ერთ-ერთი ლიდერის, მაიკ ჯეიმსის გარეშე იასპარეზეს, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მიაღწიეს.

მოსკოველებმა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, ხოლო შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე ათწუთეული ფრედ, 15-15 დასრულდა, გადამწყვეტ პერიოდში კი ცსკა-მ მეტოქეზე 6-ით მეტი ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, 86-74 იმარჯვა.

თორნიკე შენგელია თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, პარკეტზე თითქმის 29 წუთი გაატარა და თავი 14 ქულას, 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა. „თოკომოტივი“ ქულების მხრივ ცსკა-ს რიგებში მხოლოდ იოჰანეს ფოიტმანს ჩამორჩა, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

„ზენიტის“ დამარცხების შემდეგ, „არმიელებს“ 21 მოგება და 10 მარცხი აქვთ. ცსკა სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს და ევროლიგაში მომდევნო შეხვედრა 2 აპრილს, „ხიმკის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები