კვარაცხელიას აღმოჩენა - ქართული ფეხბურთის ახალი იმედი
Aa
Aa

კვარაცხელიას აღმოჩენა - ქართული ფეხბურთის ახალი იმედი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე grandhotelcalciomercato.com-ის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი. დი მარციომ სტატიას თან ასეთი სიტყვები დაურთო: „კვარაცხელიას აღმოჩენა: გამოუთქმელი სახელი, მაგრამ ქართველი ტალანტი დასაფასებელია“.

სტატიას რაც შეეხება, მასში „კვარას“ დადებით და უარყოფით მხარეებზეა საუბარი და მას ქართული ფეხბურთის ახალი იმედი უწოდეს.

„1300 დღე. საქართველოს ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი ბოლო გოლიდან დიდი ხანი იყო გასული, სანამ კვირა საღამოს ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ეს სერია არ დაასრულა. მის გოლს მატჩის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნამდვილად იყო, რადგან ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ახალი იმედი გახლავთ.

2001 წელს დაბადებული კვარაცხელია, რომელიც რუბინის საკუთრებაა, 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც რუსეთის პრემიერ ლიგაში ითამაშა. მისთვის ადრეული წარმატება სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველოს ნაკრების რიგებში მისი დებიუტი 18 წლისა და 3 თვის ასაკში შედგა და ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

კვარაცხელია გარემარბია, რომელსაც 4-3-3 და 4-2-3-1 სათამაშო სქემებში ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. მას გრძელი ფეხები აქვს, სიმაღლეში 183 სანტიმეტრია და მემარჯვენეა, თუმცა მარცხენა ფეხსაც შესანიშნავად იყენებს. ხვიჩას მარცხენა ვინგერის პოზიციაზე თამაში ურჩევნია, რადგან მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ შეჭრისას იმის ხარჯზე, რომ მემარჯვენეა, უპირატესობას იქმნის, თუმცა მარცხენა ფლანგზეც მაღალ დონეზე ასპარეზობს.

ქართველი ფეხბურთელი ფიზიკური სიძლიერით გამოირჩევა, ვარდნებს მშვენივრად უმკლავდება და ორივე ფეხში ფეთქებადი ძალა აქვს, რისი წყალობითაც აჩქარებები, ტემპის შეცვლა და ორთაბრძოლებისას ბალანსის შენარჩუნება შესანიშნავად გამოსდის. კვარაცხელია ბრწყინვალე ტექნიკითაა დაჯილდოებული. მას, როგორც გრძელ, ისე მცირე მონაკვეთზე, შესანიშნავი დრიბლინგი აქვს, მეტოქეებს იოლად სცდება და მიმართულების შეცვლაც ეხერხება. თუ ხვიჩა თავისუფალ ზონაში იმყოფება და შესატევად სივრცე აქვს, იგი მეტოქეებისთვის გამანადგურებელია. მას არაპროგნოზირებადი მოძრაობები ახასიათებს და ორივე ფეხით საკმაოდ ძლიერი დარტყმის განხორციელება შეუძლია. ორი რამაა, რაშიც კვარაცხელიას მოსამატებელი აქვს - დაცვაში თამაში და მატჩებისას გამძლეობა.

მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა და მას რუბინთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევროპელი პერსპექტიული ახალგაზრდაა და საქართველო ოცნებობს, რომ კალაძეს შემდეგ ევროპულ ელიტაში კიდევ ერთი ვარსკვლავი ჰყავდეს“, - წერს grandhotelcalciomercato.

სასიამოვნოა, რომ ბოლო პერიოდში ხვიჩას ცნობადობა იზრდება. გუშინ, იგი transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი იყო და დღეს, 90min.com-მა იგი პატარა საფეხბურთო ქვეყნების ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეთა შორის დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები