შერმადინი და მაკფადენი - ლიგა ენდესამ მარტის MVP დაასახელა
Aa
Aa

შერმადინი და მაკფადენი - ლიგა ენდესამ მარტის MVP დაასახელა

საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშე, გიორგი შერმადინი და თად მაქფადენი ლიგა ენდესას მარტის საუკეთესო კალათბურთელებად დაასახელეს. ორივე მათგანის სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალო 25.5 გახლდათ და მათ გუნდებს მარტში გამართულ მატჩებში წაგება არ ჰქონიათ, რის გამოც MVP-ის ჯილდო ორივეს გადასცეს.

„შერმადინმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში მესამედ და კარიერაში მერვედ მიიღო. გიორგიმ მარტში შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვალენსიას წინააღმდეგ იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა და 21 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მისი გამოსვლა ლენოვო ტენერიფესთვის გადამწყვეტი იყო და შერმადინის წყალობით მისმა გუნდმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ვალენსიამდე ქართველმა კალათბურთელმა მურსიასთან ითამაშა და 14 ქულა, 2 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ამრიგად, შერმადინის საშუალო 17.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი გახლდათ.

თად მაკფადენმა ეს ჯილდო პირველად მიიღო. უნიკახას წინააღმდეგ მას შესანიშნავი ბოლო მეოთხედი ჰქონდა და მატჩი 26 ქულით, 1 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მორაბანკ ანდორასთან იგი საკუთარი გუნდის საუკეთესო მექულე კიდევ ერთხელ გახდა და 20 ქულა, 1 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა გაიფორმა. მარტში მისი საშუალო მონაგარი კი ასე გამოიყურება - 23 ქულა, 1 მოხსნა, 5.5 ასისტი და 1.5 ჩაჭრა“, - წერს ლიგა ენდესას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებს და 20 მოგება და 5 წაგება აქვს. მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ კი 17 მოგებითა და 7 მარცხით მე-5 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები