''ეროვნულ ნაკრებში მიწვევის მოლოდინი მაქვს'' - ბერიძე ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა
Aa
Aa

''ეროვნულ ნაკრებში მიწვევის მოლოდინი მაქვს'' - ბერიძე ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა

''უიპეშტის'' 23 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევის მოლოდინშია.

უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, უნგრეთის თასის 4 შეხვედრაში 5 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, მან უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო.

''ოპტიმალურ ფორმასთან საკმაოდ ახლოს ვარ. ''უიპეშტში'' რამდენიმე პოზიციაზე ვთამაშობ. როცა მწვრთნელი 3-5-2 სქემას ანიჭებს უპირატესობას, გამოკვეთილი ფორვარდი არ ვარ, ''ცრუ ცხრიანზე'' ვთამაშობ, მომწონს ეს პოზიცია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. ასევე, ზოგჯერ მარცხენა ''ვინგერად'' მაყენებენ''.

კითხვაზე აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ვილი სანიოლი უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში მიიწვევს, ბერიძის პასუხი ასეთია: ''სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მაქვს, რომ ეროვნული ნაკრების განაცხადში მოვხვდები.''

ბერიძემ ეროვნულ ნაკრებში მარცხენა ''ვინგერის'' პოზიციაზე არსებულ დიდ კონკურენციაზეც ისაუბრა: ''ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა მე შეტევის ხაზში ნებისმიერ ამპლუაში თამაში შემიძლია. სადაც გუნდს დავჭირდები, თამაშისთვის ყოველთვის მზად ვიქნები, რომ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო''.

''უიპეშტის'' მთავარი მწვრთნელი მიხაელ ოენინგია, რომელიც 2019 წელს გერმანულ ''მაგდებურგში'' გიორგი ლორიასთან მუშაობდა.

''ოენინგი გერმანელია და ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევს. ამ სეზონში, სხვა სეზონებთან შედარებით, ფიზმომზადების კუთხით პროგრესი მაქვს, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ''.

ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ''ბუდაფოკთან'' მოგებული მატჩიდან სახალისო ამბავი გაიხსენა.

''სახლში ''ბუდაფოკი'' დავამარცხეთ. მატჩის მიმდინარეობისას არბიტრმა მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ჩემმა თანაგუნდელმა პერისევიჩმა თამაშის ბოლომდე არ იცოდა, რომ მეტოქეს კაცი აკლდა''.

უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში ბერიძის ''უიპეშტი'' 31 ქულით მე-7 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო გასავარდნ ზონას ასევე 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები